ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებულის სტატუსით საქალაქო სასამართლოში დღეს პირველად გამოჩნდა. ყოფილი მეუღლის ბრალდებებზე საუბარი არ ისურვა და თქვა, რომ ვრცელ კომენტარს მხოლოდ მოსამართლის ვერდიქტის შემდეგ გააკეთებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგ საქალაქო სასამართლოს შენობაში ნელი დოროყაშვილიც შევიდა. პროცესზე ყოფილი მეუღლეები ერთმანეთის პირისპირ დღეს პირველად აღმოჩნდნენ, თუმცა სხდომის მსვლელობის დროს მათ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა.
ცნობილი ჩოგბურთელი სხდომაზე დედასთან ერთად მივიდა. ნატალია ნაჭყებია დღეს დაცვის მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმეც იყო და შეკითხვებს 2 საათზე მეტხანს პასუხობდა. ყოფილმა დედამთილმა, სასამართლოზე, ყოფილ რძალთან სოციალურ ქსელში მიმოწერის ამონაწერებიც მიიტანა.
რა ურთიერთობა ჰქონდა დედამთილს რძალთან - ეს პირველი კითხვა იყო, რომელიც ნატალია ნაჭყებიას შვილის ადვოკატებმა დაუსვეს. მოწმემ ნელი დოროყაშვილთან პირველი შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა, მოყვა ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარი ინციდენტიც.
მოწმემ ბრალდებას ფინანსურ ზეწოლაზეც უპასუხა. ნატალია ნაჭყებიამ კატეგორიულად უარყო ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილს საბანკო ბარათები დაუბლოკა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლო პროცესზე მცირეწლოვანი შვილიშვილის თემაზეც გაამახვილა ყურადღება.
მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესები ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც მოსამართლემ პროცესზე განცხადება გააკეთა. ხათუნა ხარჩილავამ მხარეებს კონკრეტული ინფორმაციის საჯაროდ გაჟღერებისგან თავის შეკავება ურჩია.
პროცესის დასრულების შემდეგ, სხდომათა დარბაზი პირველმა ნელი დოროყაშვილმა დატოვა. როგორც დღეს მან ჟურნალისტებს უთხრა, ცილისწამებისთვის ყოფილი დედამთილის წინააღმდეგ სარჩელს მოამზადებს.
დაცვის მხარე ამბობს, რომ ნატალია ნაჭყებიას ჩვენებამ, ბასილაშვილის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გამორიცხა. პროკურატურა კი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
მომდევნო სასამართლო სხდომა ცნობილი ჩოგბურთელის და მისი ყოფილი მეუღლის საქმეზე 11 ოქტომბერს დაინიშნა.