27 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საბჭომ სამი საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა

საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 რეკომენდაციაზე. ამასთან დაკავშირებით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართეს.

"საქართველომ უნდა მოახდინოს გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის განსაკუთრებული კონსოლიდაცია. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ წარმართეს აქტიური სამუშაო პროცესი, რის შედეგადაც დღეს, ზემოაღნიშნული გეგმით განსაზღვრული ვადის დაცვით, შესაბამისი კანონპროექტების რამდენიმე პაკეტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი ინფორმაციით, ეს არის სამი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ.

"ეს არის ინიციატივები, რომელთა მიხედვითაც: პირველი - ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ყველა საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას მათ წარმდგენებს გაუჩნდებათ კანონშემოქმედებითი ინიციატივების წინასწარ შეფასების ვალდებულება გენდერულ თანასწორობაზე მოსალოდნელი გავლენის მოხდენის კუთხით; მეორე - ცვლილება იქნება შეტანილი რამდენიმე საკანონმდებლო აქტში, რის მეშვეობითაც საკანონმდებლო დონეზე დადგინდება გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ როგორც თანაბარი სამართლებრივი შესაძლებლობის უზრუნველყოფა, არამედ მიზნად და ამოცანად განისაზღვრება ფაქტობრივი თანასწორობის მიღწევის სტიმულირება; მესამე - ცვლილებები განხორციელდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მარეგულირებელ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში, რომელთა მიხედვითაც გადაიდგმება ნაბიჯები ამ მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ჰარმონიზაციის მიმართულებით," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც მან აღნიშნა, ზოგადად, გენდერული თანასწორობა არ არის ერთი რეფორმის ფარგლებში მიღწევადი მიზანი.

"ამას მუშაობის უწყვეტად და ინტენსიურად გაგრძელება სჭირდება. შესაბამისად, ყველა დასახელებული მიმართულებით, ასევე სხვა მიმართულებებითაც დაგეგმილია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. კომიტეტი და გენდერული თანასწორობის საბჭო კვლავაც გააგრძელებენ მუშაობას ფემიციდთან ბრძოლის მიმართულებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე, სხვადასხვა სტრატეგიულ დოკუმენტებზე და შესაბამის სამოქმედო გეგმებზე. კომიტეტი და გენდერული თანასწორობის საბჭო უახლოეს მომავალში განახორციელებს თემატურ მოკვლევას, რომლის მიზანიც იქნება სტამბულის კონვენციით გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელი ცვლილებების სწორად დაგეგმვა. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სქესობრივი დანაშაულების შემადგენლობათა დახვეწასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საზოგადოება ინფორმირებული იქნება სრულად იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაიგეგმება და განხორციელდება რეალური გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად შენარჩუნდება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ამ ინიციატივებზე მუშაობის პროცესში მონაწილე კოლეგებსა და პარტნიორებს. დიდი იმედი გვაქვს მათთან აქტიური თანამშრომლობის,"- განაცხადა ნინო წილოსანმა.

მადლიერების სიტყვებით მიმართა მიხეილ სარჯველაძემ პარტნიორებს, ვისთანაც აღნიშნულ საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტები და გენდერული საბჭო თანამშრომლობს.

"ამ თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, რომ დამუშავებულიყო ის ინიციატივები, რომელიც დღესაა წარმოდგენილი და დაგეგმილიყო ის სამუშაოები, რომლითაც სამომავლოდ აუცილებლად იქნება მიღწეული წარმატება ამ მიმართულებით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები