27 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, 2024 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საკითხებზე გამართულ დონორთა კონფერენციას დაესწრო

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ადვოკატირების, დონორთა მობილიზებისა და კოორდინაციის საკითხებზე იმსჯელეს.

კონფერენცია რევაზ ჯაველიძემ გახსნა, მონაწილეებს აგრეთვე სიტყვით მიმართეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ჰასან მოჰთაშამიმ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორმა.   

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს და ადასტურებს მზაობას ჩაერთოს მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად 2015-2024 წლებია განსაზღვრული.

"მოგეხსენებათ, 2024 წელს დაგეგმილია საყოველთაო აღწერის ჩატარება, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატისტიკური ღონისძიება, რომელსაც ქვეყანა ჩაატარებს საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით. დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გვინდა, სახელმწიფოსთან ერთად დონორი ორგანიზაციებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები,"- განაცხადა რევაზ ჯაველიძემ. 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლის თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორის, ჰასან მოჰთაშამის განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის სამსახურს აქვს ყველა შესაძლებლობა, კომპეტენცია და უნარი, რათა განახორციელოს ამ სახის სამუშაო მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა კარგადაა მომზადებული მასშტაბური სტატისტიკური სამუშაოს შესასრულებლად. 

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, აღწერის სავარაუდო ბიუჯეტი, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 29 მლნ ლარს შეადგენს და  დონორთა კონტრიბუცია ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ მიმდინარე წლის 6 ივნისს დაამტკიცა საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, ფინანსური ინსტიტუციების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

დღის ამბები