27 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
"ხალხის ძალა" ძალას იკრებს - რა პოლიტიკური ამბიცია აქვს მოძრაობას და როგორია "ოცნების" პოზიცია გუნდიდან წასულებზე

"ხალხის ძალა" ძალას იკრებს. მოძრაობა, რომელიც შესაძლოა პარტიადაც იქცეს, "ქართული ოცნების" ხარჯზე ფართოვდება. ამით მმართველმა პარტიამ ფორმალურად პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, თუმცა დე-ფაქტოდ ჯამი არ იცვლება.

გადიან პარტიიდან, რჩებიან უმრავლესობაში, მიზანი უცვლელია - კულისებში ნათქვამის საჯაროდ გამოტანა. სწორედ ეს არის ერთადერთი, რაც ახლა ხალხის ძალას "ქართულ ოცნებისგან" განასხვავებს.

"ჩვენ ვართ გამიჯნული, ისინი თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი, მათ შორის, პოზიციებთან დაკავშირებით" - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ოცნების 5 დეპუტატის ახალ საპარლამენტო ჯგუფში გადაბარგებას. "ხალხის ძალაში" ახლა უკვე ორი ყოფილი სპორტსმენი, ორი ექიმი და ერთი დეპუტატი ქალია. თუმცა ახალი მოძრაობა ამით არ შემოიფარგლება.

მოძრაობის ახალი შემადგენლობა დღეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკოსების განხილვის საგანი იყო - ოპოზიცია "ხალხის ძალასა" და "ქართულ ოცნებას" შორის განსხვავებას ვერ ხედავს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები უმრავლესობის რიგებს არ ტოვებენ.

"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ განმარტავენ მიზეზებს, რის გამოც მმართველმა ძალას უმრავლესობა აღარ ჰყავს. სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ არის გარკვეული საკითხები, რაზეც საჯაროდ საუბარი საჭირო არაა. "ქართული ოცნება" მათი რიგებიდან დეპუტატების წასვლის მიუხედავად არ კარგავს მათ ხმებს, ხალხის ძალას გაცხადებული აქვს, რომ მოძრაობის წევრები მმართველი გუნდის ყველა გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში მხარს დაუჭერენ.

საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებისთვის "ხალხის ძალის" ახალმა წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია "პოსტ ტვ-ის" 52% წილიც შეიძინა. მოძრაობა გაფართოებას სამომავლოდაც გეგმავს.

გაფართოებას ისინი ორ კვირაში ერთხელ აანონსებენ. საბოლოოდ კი, არის არის გამორიცხული, რომ 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" წიაღიდან ორი პარტია ვიხილოთ.






 

დღის ამბები