27 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
ისინი არიან ჩვენი მეგობრები, უმრავლესობის წევრები და აქ ჩვენ ერთმანეთთან პრობლემები არ გვაქვს - მამუკა მდინარაძე "ხალხის ძალაში" გადასულ დეპუტატებზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დეპუტატმა "ქართული ოცნება" დატოვა და ხალხის ძალას შეუერთდა, ისინი პრინციპულ საკითხებზე თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებენ.

"განსხვავება არის იგივე და ერთადერთი, ისინი ამბობენ, რომ ის ყველაფერი, რაც ხდება კულისებში, უნდა იყოს საჯარო. რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტად შეფასების უფლება იმისა, რაც ხდება სინამდვილეში ქვეყანაში. არის უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარება, ოკუპანტი ქვეყანა აწარმოებს სასტიკ ომს უკრაინაში და ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა, მათ მიაჩნიათ, რომ ინფორმაციის მეტად გასაჯაროებით არის შესაძლებელი. ჩვენ ამ ნაწილში ვერ ვთანხმდებით, ვერ შევთანხმდებით, ამაზე კამათს აზრი არ აქვს, თუმცა ისინი არიან ჩვენი მეგობრები, უმრავლესობის წევრები და აქ ჩვენ ერთმანეთთან პრობლემები არ გვაქვს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ხალხის ძალას" ახალი წევრები შეემატნენ. მმართველი პარტია დატოვა და მოძრაობას შეუერთდა "ქართული ოცნების" 5 წევრი, პარლამენტის დეპუტატები ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მოძრაობა "ხალხის ძალა" საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათ რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი ეყოლებათ. ასევე მოძრაობა "ხალხის ძალას" შეუერთდნენ ექსპერტები თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.

 
დღის ამბები