27 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ღირებულებით ნაწილში "ქართულ ოცნებასა" და "ხალხის ძალას" შორის არსებითი განსხვავება არ არის, ვრჩებით ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღირებულებით ნაწილში "ქართულ ოცნებასა" და "ხალხის ძალას" შორის განსხვავება არ არის. ამიტომ, მათგან მიღებული აქვთ პირობა, რომ საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღებისას ეს ორი პოლიტიკური ძალა ითანამშრომლებს და საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება.

"ჩვენ გვაქვს ტაქტიკური შეუთანხმებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენ შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში.

ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს, "ქართული ოცნების" ფრაქციას უმრავლესობა აღარ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს, რომელიც გაწევრიანებულია ფრაქციაში. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, ამ საზოგადოებრივ მოძრაობასთან თანამშრომლობა, რადგან მათ გარეშე საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება და მყარი უმრავლესობის შენარჩუნება გაგვიჭირდება.

მათგან მოსმენილი გვაქვს საერთო პოზიცია იმის თაობაზე, რომ ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ, მათ შორის, ეს ეხება 12 პუნქტის გარშემო მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ამაზე გვქონდა კონსულტაციები, ვრჩებით ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები, ამ მოძრაობის წარმომადგენელ დეპუტატებთან ერთად," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ხალხის ძალას" ახალი წევრები შეემატნენ. მმართველი პარტია დატოვა და მოძრაობას შეუერთდა "ქართული ოცნების" 5 წევრი, პარლამენტის დეპუტატები ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.  მოძრაობა "ხალხის ძალა" საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათ რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი ეყოლებათ.

ასევე მოძრაობა "ხალხის ძალას" შეუერთდნენ ექსპერტები თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.

 
დღის ამბები