27 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
ბავშვების დასჯა გასული საუკუნეების მეთოდით - დაფის წინ დაჩოქილი მეოთხე კლასელების ფოტომ დღეს ყველა სოციალური ქსელი მოიცვა

ბავშვების დასჯა გასული საუკუნეების მეთოდით - დაფის წინ დაჩოქილი მეოთხე კლასელების ფოტომ დღეს ყველა სოციალური ქსელი მოიარა. ფოტო დასჯილ ბავშვებს თავად პედაგოგმა გადაუღო და გაავრცელა. იგი მარნეულის მუნიციპლალიტეტის სოფელ კირიხლოს ქართულის მასწავლებელია, რომელმაც გაკვეთილი მუხლებზე დაყენებულ მოსწავლეებს ჩაუტარა.

მასწავლებელი რახმან მუსაევი ამავე დროს მარნეულის საკრებულოს წევრიც იყო, თუმცა მისივე გადაღებული ფოტოს წყალობით დღეს ორივე სამსახურის დატოვება მოუწია.

ირკვევა, რომ სკოლის დირექტორი მუსაევის ბიძაა, მაგრამ დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა მომხდარზე დირექტორსაც - ეს ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიებას მოუწევს დაადგინოს რამდენად სისტემურია ეს პრობლემა მარნეულის მუნიციპალიტეტში და ხშირად უწევდათ თუ არა ქართულის შესწავლა ბავშვებს დაჩოქილ მდგომარეობაში.

ირკვევა, რომ ქართული ენის მასწავლებელმა რახმან მუსაევმა მეოთხე კლასის 12 მოსწავლე დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა და საგაკვეთილო პროცესი სწორედ ამ ფორმით განაგრძო. საზოგადოებრივი რეაქციის შემდეგ რახმან მუსაევი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ცოტა ხანში კი სკოლიდან წასვლის განცხადებაც დაწერა.

მასწავლებლის განთავისუფლებას ადასტურებს მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიც. უწყებაში ამბობენ, რომ საქმის მოკვლევის პროცესში პედაგოგმა სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. რესურსცენტრის ხელმძღვანელს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ამ მეთოდით სკოლაში ბავშვები პირველად დასაჯეს, თუ მსგავს ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი.

დღეს, სკოლაში მშობლებიც შეიკრიბნენ, თუმცა არა ბავშვების უფლებების დასაცავად. მათ რახმან მუსაევს სოლიდარობა გამოუცხადეს და საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმ პედაგოგის დაბრუნება მოითხოვეს, რომელმაც მათი შვილები, მეოთხე კლასის მოსწავლეები მუხლებზე დააყენა და ამ ფორმით დასაჯა. მშობლების მსგავსად მომხდარში პრობლემას ვერ ხედავენ მუსაევის კოლეგებიც.

რახმან მუსაევი კირიხლოს საჯარო სკოლაში 2005 წლიდან ასწავლის. 2021 წელს კი ის მარნეულის საკრებულოს წევრადაც აირჩიეს. დღეს მას პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, დეპუტატის მანდატის დატოვებაც მოუხდა.

კირიხლოს სკოლაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. ბრალი 18 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.

დღის ამბები