27 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
ორი ბიუჯეტი და განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - დეპუტატები 2022 წლის კორექტირებულ ვარიანტს და მომავალი წლის ბიუჯეტს სწავლობენ

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. მომდევნო წლის ფინანსური დოკუმენტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება. გასულ წელთან შედარებით, 771 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება. 293 მილიონი ემატება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 2 მილიარდ 975 მილიონი ინფრასტრუქტურის სამინისტროს. 1 იანვრიდან 20% პროცენტით გაზრდილ ხელფასს აიღებენ ძალოვანი უწყების თანამშრომლები, იმატებს პენსიის ოდენობა. გაზრდილ შემოსავლებთან ერთად მთავრი პრიორიტეტი საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაა.

საკანონმდებლო ორგანოში, მომდევნო წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწავლა უახლოეს დღეებში დაიწყება, თუმცა იქამდე დეპუტატები აქტიურად განიხილავენ მიმდინარე წლის ბიუჯეტის პარამეტრებს. სხვადასხვა უწყებებისთვის დაფინასების გაზრდა 2022 წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული.

ბოლო შვიდი თვის განმავლობაში საქართველოში დაგეგმილზე ბევრად მეტი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.3% დაფიქსირდა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, შეიცვალა ეკონომიკური პარამეტრების წლიური პროგნოზი და რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 6%-ის ნაცვლად, 8.5%-ით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტს კენჭს სავარაუდოდ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მას მხარს არ დაუჭერენ.

გამოწვევებზე მმართველ გუნდშიც საუბრობენ. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, უმრავლესობის წევრების შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. გასათვალისწინებელია რეგიონში არსებული საფრთხეებიც. ამ ფონზე, საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მიმდინარე და მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტები ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს პასუხობს.

მიმდინარე კვირაში დეპუტატები 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას უყრიან კენჭს, ამის შემდეგ კი მომდევნო წლის ფინანსური დოკუმენტის განხილვა დაიწყება. 2023 წლის ბიუჯეტი საკანონმდებლო ორგანოში წლის ბოლომდე დამტკიცდება. 

დღის ამბები