27 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ არ მიეცა მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ექიმს ლიცენზია

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ არ მიეცა მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში საკუთარი ხარჯებით ჩამოსულ უცხოელ ექიმს ლიცენზია.

როგორც ზურა აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნული ექიმის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მოთხოვნილს არ შეესაბამებოდა.

"იქნება პაციენტი თუ პატიმარი, ჩვენ მონახულების უფლებას არ გავცემთ. ჩვენ გავცემთ საექიმო საქმიანობის უფლებას. ამ შემთხვევაში, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, კომისიამ მიზანშეუწონლად ჩათვალა საექიმო საქმიანობის უფლების მიცემა ამ კონკრეტულ ადამიანზე. აღნიშნულ კომისიაში თავად არ ვარ, შესაბამისად, სხვა პასუხი არ მაქვს," - განაცხადა აზარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პირის დაშვება პენიტენციურ სისტემაში იქნება ეს ექიმი თუ ადვოკატი, პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობით რეგულირდება.

"ჩვენ, ნებისმიერ სტუმარს, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას - მივესალმებით. მათ შორის, განსაკუთრებით ნობელის პრემიის ლაურეატებს, განათლებულ ადამიანებს, მეცნიერებს და კულტურის მუშაკებს, კეთილი იყოს ყველას მობრძანება საქართველოში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ექიმის თუ ადვოკატის დაშვებას პენიტენციურ სისტემაში, ამას არეგულირებს კანონმდებლობა, ეს კანონმდებლობა არის მიღებული პარლამენტის მიერ და მისი შესრულება, რა თქმა უნდა, არის აღმასრულებელი ხელისუფლების და იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში," - ამბობს თალაკვაძე.

დღის ამბები