27 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა.

მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმის აღდგენის მზარდ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებული სერვისების გაუმჯობესების მნიშვნელობას.

ითქვა, რომ პანდემიამ ოპერატორი კომპანიები არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. მთავრობის მეთაური მიესალმა TAV-ის ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი სიახლე იქნება შეთავაზებული.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირება. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მზადაა TAV-თან ერთად აქტიურად იმუშაოს ამ მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ხოლო TAV Airports-ის მხრიდან - TAV Airports-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე (ვიცე-პრეზიდენტი) ფრენკ მერეიდი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ესწრებოდნენ.

"ტავ ჯორჯია" "TAV Airports Holding-ის" შვილობილი კომპანიაა. კომპანიის მხრიდან საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულად რეაბილიტირდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.

დღის ამბები