27 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
დემნა გვასალია, შალვა ამონაშვილი, თენგიზ არჩვაძე... - თბილისს 20 ახალი საპატიო მოქალაქე ჰყავს

ძველი თბილისის გაცოცხლებული ისტორიები, ტრადიციული ქართული კერძები, კონცერტები, საპატიო თბილისელების დაჯილდოება, თბილისური ელემენტებით გაფორმებული სივრცეები - ეს არის ის, რაც წელიწადში ერთხელ, დედაქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ მოედანზე ხდება. თბილისმა თბილისობას უმასპინძლა.

თბილისობის პირველი დღე დავით დოიაშვილის უჩინმაჩინის ქუდით დასრულდა, მიუზიკლი "რუსთავი 2-ის" მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ნახა.

სახალხო დღესასწაულის ფინალი კი საპატიო თბილისელების დაჯილდოება იყო.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ.  დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.

დაჯილდოებაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 20 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა.

"პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდით მრავლად არიან და დღეს მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მათ იმისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის უკეთებიათ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ," - განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:

შალვა ამონაშვილი - მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი;

თენგიზ არჩვაძე - მსახიობი;

ტარიელ ჭანტურია - მთარგმნელი, პოეტი;

ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი;

მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი, პედაგოგი;

მინდია უგრეხელიძე - სამართალმცოდნე;

ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ;

ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი;

ბადრი ვადაჭკორია - ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი;

გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მეცნიერი;

ილია ხეროდინაშვილი - ინჟინერი, მეცნიერი;

ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი;

რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი;

ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი;

მაია გოთუა - ალერგოლოგი, იმუნოლოგი;

ვან ბაიბურთი - პოლიტიკოსი, ჟურნალისტი;

ჰასან ჰასანოვი - აზერბაიჯანელი დიპლომატი;

ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) - ფრანგი პიანისტი;

ელდარ შენგელაია - რეჟისორი;

დემნა გვასალია - დიზაინერი.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის "ბიგ ბენდი".

დღის ამბები