ქართული რაგბი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე განხორციელებულ რეფორმებს და ეროვნული ნაკრების პროგრესს მსოფლიო რაგბისთვის შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. შედეგად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი სერ ბილ ბომონტი.
გადაწყდა, რომ მსოფლიო რაგბი ქართულ მხარეს მნიშვნელოვან დახმარებას აღმოუჩენს. შემუშავდება სტრატეგიული განვითარების გეგმა, რაც თავის მხრივ ბავშვთა რაგბის, ეროვნული ნაკრების, ინფრასტრუქტურის და ზოგადად სპორტის ამ სახეობის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანას ითვალისწინებს.
1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა კლუბებმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი დატოვეს. 1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. პირველად ისტორიაში ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო პირველობაზე 2003 წელს ითამაშა. მას შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სისტემატიურად ასპარეზობს ელიტურ ტურნირზე.
ამ დროისთვის გვყავს ეროვნული ნაკრები, რომელიც რაგბი ევროპის გათამაშების უცვლელი ჩემპიონია, მოთამაშეები, რომლებიც წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშობენ და რაც მთავარია ქვეყნის მზაობა იმისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო განვითარდეს.
ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე საქართველოს რაგბის კავშირმა არაერთი რეფორმა, წარმატებული პროექტი განახორციელა, ეროვნულმა ნაკრებმა კი 6 ერის წარმომადგენელი იტალია დაამარცხა, რამაც მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი ორგანიზაციის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.
ვიზიტის ფარგლებში ბილ ბომონტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
მხარეებმა ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. რაგბის, საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც კავშირის გაზრდილი ბიუჯეტით გამოიხატება. განსაკუთრებით აღინიშნა ფონდი "ქართუს" როლი. "ქართუს" შემოწირულობა რაგბის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და გასავითარებლად 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ფონდის დახმარებით ქვეყნის მასშტაბით აშენდა 14 ბაზა და 27 სტადიონი.
"ჩაერთე რაგბიში" კიდევ ერთი პროექტია, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირმა მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა, პროექტი ამიერიდან ქართულ სკოლებში ამოქმედდება და ქართულ რაგბის მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოუტანს.
ბავშვებთან პირველ ეტაპზე 60 ინსტრუქტორი, 300 გადამზადებული მასწავლებელი იმუშავებს, მოზარდების რაოდენობა კი 15 ათას შეადგენს. 8 წლიანი პროგრამის თანახმად, 2030 წლისთვის "ჩაერთე რაგბიში" 2 000-მდე სკოლის 120 ათას მოსწავლეს მოიცავს, რაც საბოლოოდ რეგისტრირებულ მორაგბეთა რაოდენობას, რომელიც ამ ეტაპზე 8 ათასს შეადგენს, გააოთხმაგებს.
მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელების ვიზიტის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირი დასახული ამოცანის, ახალი პროექტების განსახორციელებლად მუშაობას იწყებს, ეროვნული ნაკრები კი შემოდგომის ტესტებისთვის ემზადება, "ბორჯღალოსნები" სამ ტესტ-მატჩს გამართავენ. სამივე მეტოქე 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა. პირველ შეხვედრას ქართველი მორაგბეები 6 ნოემბერს ურუგვაის წინააღმდეგ გამართავენ.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი