საქართველოს ღვინის გზას მალე ჩაის გზაც შეემატება - თავდაპირველად ეს იდეა გურიაში გაჩნდა, წელს კი ინიციატივას იმერლები, კერძოდ კი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მეჩაიეებიც შეუერთდნენ. სწორედ იმერეთში, სოფელ მეჩხეთურში მოჰყავთ ჩაი ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილში.
ქართული ჩაი, რომელიც ბიო პროდუქტი გახლავთ, ნელ-ნელა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება. აქ ჩაი მხოლოდ ხელით იკრიფება. სამუშაო შრომატევადია, ხშირად მეჩაიეების პოვნაც უჭირთ, თუმცა მინიმალური რესურსით მოსავლის აღებას მაინც ახერხებენ.
ჭიათურის გარშემო სოფლების დიდი ნაწილი ყოველთვის იყო დამოკიდებული ჩაიზე. ადგილმდებარეობის გამო აქ ყველაზე კარგად სწორედ ეს კულტურა იზრდება.
ჩაის მრავალი სახეობა არსებობს: შავი, მწვანე, ყვითელი ჩაიც, თუმცა ყველაზე მეტად მსოფლიოში თეთრი ჩაი ფასობს. ყველა ეს სახეობა ერთი და იგივე ბუჩქიდან იწარმოება, სხვაობა მხოლოდ ფოთლებში და ტექნოლოგიაშია.
ჩაის მწარმოებელი მინი ფაბრიკების მომრავლება "ჩაის გზის" დაფუძნების იდეამ გამოიწვია, რომელიც 3 წლის წინ გურიაში დაიწყო. გურულებს ამ წამოწყებაში უკვე იმერლებიც შეუერთდნენ. თორნიკე შეყილაძეს მიერ მოყვანილმა ჩაიმ უნიკალური ტექნოლოგიის დამსახურებით ჩინეთში უმაღლესი შეფასება მიიღო. "ჩაის გზის" პროექტშიც საკმაოდ აქტიურად ჩაერთო.
იმერეთში მოყვანილი ჩაი მთლიანად ბიო პროდუქტია. მას არ უკეთდება არანაირი შესაწამლი საშუალება და ეს ექსპორტისთვის, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
პირველი შეფასებები უკვე არის. არის ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული ჯილდოებიც, რაც მწარმოებლებისთვის ერთგვარი სტიმულიც გახდა.
ჩაის კრეფის აქტიური ფაზა გაზაფხულზე დაიწყება. მანამდე კი ჭიათურის გარშემო სოფლებში დაკრეფილი ჩაი კიდევ არაერთ ჩაის საერთაშორისო ფესტივალზე გავა.
ავტორები: გიორგი ქორქია და ლევან ლომაძე