27 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
დამტვრეული საოფისე ინვენტარი, მოტეხილი ხელი, მძიმე დაზიანებები სახეზე და რამდენიმე ნაკერი სხეულზე - შემოდგომის გახურება ენმ-მ საკუთარ რიგებში დაიწყო

პოლიტიკური პოლარიზაცია ვიწროპარტიულ დაპირისპირებამდე დავიდა - აზრთა სხვადასხვაობა მონათლულმა კონფლიქტმა "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი არეულობა გამოიწვია. ყველაფერი კი მას შემდეგ იწყება, რაც თავმჯდომარე მელიამ, ძებნილი კეზერაშვილი მოოლიგარქო ელემენტად მოიხსენია და თქვა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის გავლენების მოპოვების სურვილი პარტიისთვის დამაზიანებელია.

აზრები "ნაციონალურ მოძრაობაში" არამხოლოდ კეზერაშვილის საკითხზე გაიყო. პარტია პარტიის მხარდამჭერთა რიგებში ჩანერგილებს ეძებს, აგენტების ძიება კი ხელჩართულ ჩხუბამდე მიდის.

დამტვრეული საოფისე ინვენტარი, მოტეხილი ხელი, მძიმე დაზიანებები სახეზე და რამდენიმე ნაკერი სხეულზე - შემოდგომის გახურება "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ რიგებში დაიწყო. არადა, პარტიის თავმჯდომარე ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ამბობდა, რომ ასეთი მონოლითური "ნაცმოძრაობა" ჯერ არასდროს ყოფილა. ერთობაში, აშკარა მსხვრევის ხმა 19 სექტემბერს გაისმა. როდესაც ცენტრალურ ოფისში მისულ გიორგი მუმლაძეს, ლაშა ხუსკივაძეს, ალიკა კუპრავას და სხვა აქტივისტებს პირდაპირ მელიას კაბინეტთან სცემეს. ე.წ. გარჩევა პეტრე ცისკარიშვილის მხრიდან ხუსკივაძისთვის აგენტის წოდებას მოყვა.

ჩხუბი ოფისში არ დასრულებულა. გაბრაზებულმა აქტივისტებმა საქმის გასარკვევად მელიას ორ დღეში საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც მიაკითხეს. ლიდერი ამჯერად მძღოლმა და უსაფრთხოების სამსახურმა დაიცვა. გიორგი მუმლაძე, რომელიც მელიას მხარდასაჭერად ოფისში ღამეებს ათენებდა დღეს მას ზონდერს უწოდებს. ყვება, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია კლანური პრინციპით იმართება. კრიტიკული აზრის გამო კი ნიკა მელიას ფლანგიდან იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

პირი, რომელსაც მუმლაძის ბრალდების შემდეგ ჯერ სახლი გაუჩხრიკეს და შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს თენგო სანაიაა. "ნაცმოძრაობის" აქტიური წევრი შიდაპარტიულ განხეთქილებას, პარტიასთან აფილირებული სამოქალაქო მოძრაობის საეჭვო კავშირებში ხედავს. ის, ვინც გუშინ პარტიის გამო ადმინისტრაციულ ჯარიმას ჯარიმაზე იღებდა, დღეს მოღალატედ გამოაცხადეს.

პოლიტიკური ცეცხლი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ ყოფილ თავდაცვის მინისტრსაც პირდაპირი ეთერიდან გაუხსნა. "მოოლიგარქო ელემენტი" - საფრთხე პარტიისა და სამომავლოდ ქვეყნისთვის - ასეთია მელიას თვალით დანახული დავით კეზერაშვილი. თავდაცვის უწყებისთვის 5 მილიონიანი ზარალის მიყენებისთვის ნასამართლევი ექსმინისტრი შემოდგომის დასაწყისში, შემტევი აქტივისტების მსგავსად, მიუღებელი გახდა.

კეზერაშვილი დაიცვეს და არამარტო "ნაციონალურ მოძრაობაში". მელიას შეახსენეს, რომ ახლა ე.წ. რაზბორკების დრო არ არის.

უკვე ყოფილ პარტნიორს მალევე თავად კეზერაშვილიც ეპისტოლარულ ჟანრში გამოეხმაურა. მილიარდერმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა "ფეისბუქზე" გამაერთიანებელის მანტია მოირგო. თქვა, რომ ხელისუფლების შეცვლის მიზნით აფინანსებს ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორის ნაწილს და მედიას - თუმცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა არასდროს უფიქრია.

ვინ ამბობს სიმართლეს, ნიკა მელია თუ დავით კეზერაშვილი - კითხვაზე პასუხი "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ მოიფიქრეს და ისევ დაპირისპირებულ მხარეებთან გადაგვამისამართეს.

ერთადერთი, ვინც ყოფილი თანაგუნდელის კრიტიკა ღიად გაბედა გიგა ბოკერია იყო. "ევროპული საქართველოს" ლიდერი კეზერაშვილისგან მეტ საჯაროობას და მენტორული პედესტალიდან ჩამოსვლას ითხოვს.

მთელი კვირა ოპოზიციურ ფლანგზე გაჩაღებულ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებოდა მმართველი გუნდი. "ქართული ოცნებისგან" ძებნილმა თავდაცვის მინისტრმა ოლიგარქიული მისწრაფებების აღიარებისთვის ირონიული მადლობაც დაიმსახურა. შექება მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამაც" - პოლარიზაციის პარტიაში გადატანისთვის.

უკვე მეთ-11 წელია ოპოზიცია პოლიტიკურ წელს დაანონსებული ცხელი შემოდგომით იწყებს. თუმცა, შეძლებს თუ არა "ნაცმოძრაობა" შიდა ტემპერატურის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში გადმოტანას ამას დრო და გვიან შემოდგომის ამინდები გვაჩვენებს.

დღის ამბები