დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები მეზობლებს არასდროს შეუნიშნავთ - "კურიერის" ინფორმაციით, ე.წ. ქოლ-ცენტრი, საიდანაც საფრანგეთის მოქალაქეებზე თაღლითობა ხდებოდა, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში იყო მოწყობილი. დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის შემდეგ, ბინა სამართალდამცველებმა დალუქეს.
უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და თაღლითობის ბრალდება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რუსეთის, ისრაელის და ბელგიის მოქალაქეებს წარედგინათ.
ე.წ. ქოლ-ცენტრის 12 თანამშრომლიდან 4 პატიმრობაში რჩება. 8 პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი სქემის ირგვლივ განცხადება გაავრცელა.
"კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულების დიდი ნაწილი ბრალს აღიარებს. სავარაუდოდ, ეს გახდა ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების საფუძველიც. ბრალდებულების ადვოკატები კამერებთან საუბარს ერიდებიან.
12 ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს ჩაინიშნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლებს 7-12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.