ქალაქი ლიმანი, დონეცკის ოლქი - 6 თვიანი ოკუპაცია ომის დაწყებიდან 221-ე დღეს დასრულებულია. ლიმანი ახლა მთლიანად გაწმენდილია და ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს დასახლებას სრულად უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. ლიმანი არის მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი, რომლის დაბრუნებაც უკრაინას საშუალებას მისცემს, დონეცკის გარდა დაიწყოს შეტევა ლუჰანსკის ოლქის ჩრდილოეთსა და დასავლეთშიც.
გენერალს ლიმანის დაკარგვა კრემლის უპირობო მხარდამჭერმა დააბრალა და მეგობარ პრეზიდენტს რჩევაც მისცა - რამზან კადიროვმა პუტინს მცირე სიძლიერის ატომური შეიარაღების გამოყენებისკენ მოუწოდა. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის დაკარგვა დაადასტურა მოსკოვმაც. თუმცა, ტრადიციულად, რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს მათი ჯარის ტაქტიკური უკანდახევაა. ხარკოვის მსგავსად ლიმანშიც აღმოჩნდა, რომ ამ ტაქტიკური უკანდახევის დროსაც კრემლს ისევ დარჩა უკრაინის ტერიტორიაზე დაღუპული და ტყვედ ჩავარდნილი სამხედროები.
რუსეთის არმიას გაქცევა ან ტყვედ ჩაბარება ლიმანის გარდა ქალაქ ზალატა ბალკიშიც მოუწია. უკრაინელმა სამხედროებმა ჰერსონის ოლქის ეს დასახლება, რომელიც მდინარე დნიპროსთან არის გაშენებული, რამდენიმე საათის წინ დაიბრუნეს. რამდენიმეთვიანი რუსული ოკუპაციის შემდეგ ახლა აქაც უკრაინის სახელმწიფო დროშა ფრიალებს.
უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევებზე მოსკოვის პასუხი ისევ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებია. რეგიონს, სადაც ყველაზე მეტი რუსულენოვანი მოსახლე ცხოვრობს, კრემლი წინააღმდეგობას 221 დღეა ვერ პატიობს და ხარკოვის ოლქი ისევ მოსკოვის მთავარ სამიზნედ რჩება. ქალაქ კუპიანსკს, რომელიც ოკუპანტებისგან უკრაინელმა სამხედროებმა ახლახანს დაიბრუნეს, რუსეთის არმია ინტენსიურად ბომბავს. არის მსხვერპლი. იერიში რამდენჯერმე განხორციელდა ქალაქ ხარკოვზეც.
მხვერპლი მოჰყვა ქალაქ ზაპოროჟიეზე დღეს განხორციელებულ ავიაიერიშსაც. ირანული წარმოების თვითმკვლელი უპილოტო თვითმფრინავით კი ოკუპანტებმა თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივი-რიჰიზე განახორციელეს. დღესვე, რუსმა აგრესორებმა დაბომბეს დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქიც.
ფრონტის ხაზზე უკანდახევის პარალელურად იზრდება რუსეთის არმიის დანაკარგები. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელების მიერ 60 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული.ა