27 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
სენაკმა საკრებულოს მაჟორიტარი წევრი აირჩია - უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" აქვს  

საარჩევნო უბნები დახურულია, სენაკმა საკრებულოს მაჟორიტარი წევრი აირჩია. საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი პროცედურა საპილოტე რეჟიმში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა, შედეგები კი კენჭისყრის დასრულებისთანავე, ხმის დათვლის აპარატის საშუალებით გახდა ცნობილი, საიდანაც წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი ამოიბეჭდა, თუმცა ბიულეტენებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც დაითვლიან.  

სენაკის საკრებულოში უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" აქვს. ცესკოს პირველად შედეგები ხმის მიცემის პროცედურების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა, 96.68% "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ზაზა ყურაშვილმა. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა საზოგადოებას სენაკში ხმის დათვლის წინასწარი შედეგები გააცნო.  

"ამონაწერის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1021-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთოდ რაოდენობის 44.26%-ია. ხმების 3.32%, 33 ხმა მიიღო მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის. ხმების 96.68% - 962 ხმა მიიღო ზაზა ყურაშვილმა, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო. საარჩევნო უბნებზე ახლა მიმდინარეობს ტრადიციული მეთოდით ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეო გადაღება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიას, დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებ გვერდზე," - განაცხადა  ნათია იოსელიანმა.

არჩევნების დასრულების შემდეგ პირველი განცხადებები გააკეთეს თავად კანდიდატებმა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან”, მამუკა ყურაშვილი ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"არჩევნები ჩატარდა ძალიან მშვიდობიან გარემოში. შედეგებით პრაქტიკულად აღფრთოვანებული ვარ. გამარჯვებას ისედაც ველოდებით, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს ამომრჩევლებს და სენაკის საკრებულო შეიქმნება  სწორედ ისეთი, რომელიც იქნება ხალხზე და მოსახლეობაზე ორიენტირებული,“ - ამბობს ზაზა ყურაშვილი.  

განცხადება გააკეთა სენაკის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.

დღის ამბები