27 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრები ამტკიცებენ, რომ აშშ-ს შეთავაზება ჰქონდა, ქართულ მხარეს უკრაინაში ომის დაწყების დღეებში იარაღი შეესყიდა - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

მოძრაობა ხალხის ძალის წევრები ამტკიცებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეთავაზება ჰქონდა, ქართულ მხარეს უკრაინაში ომის დაწყების დღეებში იარაღი შეესყიდა. ამ ინფორმაციის პირველ წყარო უცნობია, თუმცა მოძრაობაში სჯერათ, რომ შტატების წინადადება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის წინაპირობა უნდა ყოფილიყო.

დღევანდელი წერილიც სწორედ იმ პირებს ეხება, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა- ტრადიციულ ადრესატთან კელი დეგნანთან ერთად, გიორგი ვაშაძეცაა. იმის მიუხედავად, რომ ამ თემაზე დიპლომატმა გუშინ უკვე ისაუბრა, საკითხი მაინც ბუნდოვანი დარჩა მაჭარაშვილი,ხუნდაძე,ყაველაშვილი, სუბრისთვის. კელი დეგნანისგან განსხვავებით ბრალდებებს უპასუხა სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარემ, თუმცა პასუხიც ბრალდებები იყო.

სამი დღის წინ, გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოსთვის ამერიკის მხრიდან მრავალმილიარდიანი სამხედრო მხარდაჭერის შემოთავაზების შესახებ, ხალხის ძალის წარმომადგენლებისთვის სწორედ ომის რიტორიკის ერთ-ერთი ნაწილია. მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ვაშაძე ამ განცხადებას დამოუკიდებლად არ გააკეთებდა, რაც მათთვის დამატებით კითხვებს აჩენს. გარდა ამისა, ხალხის ძალა შეიარაღებაზე ინფორმაციას თავდაცვის მინისტრისგანაც ელოდება.

წერილის გამოქვეყნებიდან მალევე, ბრალდებებს ერთ-ერთმა მთავარმა ადრესატმა, გიორგი ვაშაძემ უპასუხა. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის თქმით, ”ხალხის ძალის” ახალმა განცხადებამ სწორედ ის დაადასტურა, რაზეც თავად 3 დღის წინ საუბრობდა - რომ საქართველოს ომის დაწყებიდან მალევე მრავალმილიარდიანი სამხედრო შეიარაღების შესყიდვის შეთავაზება ჰქონდა. ვაშაძე დღესაც ამბობს, რომ ამ წინადადებაზე უარი საქართველომ თავისი სურვილით თქვა. ომის რიტორიკას ხელისუფლების ოპონენტების აზრით, სწორედ ხალხის ძალა ავრცელებს.

”ხალხის ძალის” მორიგ განცხადებას დღეს მმართველი პარტია არ გამოხმაურებია, ისინი მხოლოდ გიორგი ვაშაძის განცხადებას აფასებენ, რომელსაც პროვოკაციულს უწოდებენ.

გიორგი ვაშაძემ რამდენიმე დღის წინ, თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ამერიკისგან მრავალმილიარდიანი სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვაზე. მოგვიანებით ამერიკის ელჩმა აღნიშნულ განცხადებას არაზუსტი უწოდა.

დღის ამბები