27 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
რუსული დროშა და ოკუპირებული აფხაზეთის სიმბოლიკები ქართულ სკოლაში - მე-11 კლასის მოსწავლის პროტესტის შემდეგ სკოლის დირექტორი გათავისუფლებულია

ოკუპანტი ქვეყნის დროშა მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ პროტესტის ნიშნად ჩამოხია. ლუკა ნაცვლიშვილის რეაქცია ბათუმში, სკოლის შესასვლელში კედელზე განთავსებულმა დროშებმა გამოიწვია, სადაც რუსული და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სიმბოლიკებიც მოხვდა.

ფაქტს პირველი რეაგირება სკოლის დირექტორისგან მოჰყვა. რუსულ დროშას კვლავ ძველი ადგილი მიუჩინა, შემდეგ კი, სკოლაში ლუკა ნაცვლიშვილის დედა დაიბარა. ქალმა, რომელიც ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლას სათავეში დაახლოებით ათი წელია უდგას, მშობელს შვილის სკოლიდან გადაყვანა კატეგორიულად მოთხოვა.

ვიდრე სკოლის დირექტორი მოსწავლის სკოლიდან გადაყვანას მოითხოვდა, პოსტიდან გაათავისუფლეს თავად დირექტორი. გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ მიიღო. ეს მას შემდეგ, რაც უწყებაში სკოლაში არსებული მდგომარეობის შესწავლა დაიწყეს. მიზეზად კანონის უხეში უგულებელყოფა დასახელდა. მოკვლევით დადგინდა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის პროცესში სკოლამ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი ასპექტები დაარღვია. აჭარის განათლების მინისტრის თქმით, სკოლის დირექტორს სხვა გადაცდომებიც ჰქონდა. 

უკვე ყოფილმა დირექტორმა დღეს მედიასთან არც განმარტების გაკეთება ისურვა და არც სკოლაში გამოჩენილა. შორენა ქონიაძე ჟურნალისტებს არც მასთან სახლში მისვლის შემდეგ შეხვდა.

სკოლის დირექტორის ნაცვლად მედიისთვის პასუხის გაცემა და მომხდარზე განმარტებების გაკეთება მის მოადგილეებს მოუწიათ. სკოლაში ფიქრობენ, რომ ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ სტამბის შეცდომა იყო.

სკოლის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, სტამბის ხელმძღვანელობა გარკვეულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც იღებს და ამბობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა შეცდომით დაიბეჭდა. აქვე განმარტავენ იმასაც, რომ სკოლა სტიკერების ამ ფორმით დაბეჭდვაზე თანახმა იყო.

 

დღის ამბები