პუტინის გადაწყვეტილებით გამოწვეულ ქაოსს პირველი მსხვერპლი უკვე ჰყავს. პატარა, რომელიც რუსეთიდან ოჯახთან ერთად თავის დაღწევას ცდილობდა, რუსეთისვე ტერიტორიაზე ლარსთან ცუდად გახდა, კილომეტრიანი რიგების გამო ის სასწრაფომ ვეღარ გადაარჩინა. ბავშვის ოჯახი რუსეთის ფედერაციიდან თავის დაღწევას ცდილობდა.
რუსეთის ფედერაციიდან გარბიან, უკან დაბრუნება კი აღარავის უნდა. იმაზე, რის თქმასაც საკუთარ ქვეყანაში ამ დრომდე ვერ ბედავდნენ, საქართველოში გადმოსვლის შემდეგ ალაპარაკდნენ.
პუტინის მობილიზაცია ვლადიკავკაზში ბიზნესადაც იქცა. სამშვიდობოს გადმოსულები იმასაც არ მალავენ, რომ ზემო ლარსზე კორუფციაა და 150 000 რუბლი საკმარისია იმისთვის, რომ გამშვებ პუნქტამდე ურიგოდ მიაღწიო. ისინი "კურიერს" იმასაც უყვებიან, რომ ფულს იღებენ თავად რუსი სამართალდამცველებიც.
საზღვართან მყოფები ამბობენ, რომ ნელ-ნელა უთავდებათ ბენზინი, წყალი და საკვები.
ლარის გამშვებ პუნქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მონაცემების მიხედვით, მგზავრთა ნაკადი შემცირდა. ძალოვანი უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა თითქმის ყველა სასაზღვრო წერტილში შემცირებულია. თუ 28 სექტემბერს ქვეყანაში რუსეთის 9,642 მოქალაქე შემოვიდა, 29 სექტემბრის მონაცემებით ეს რიცხვი 3,000-ით არის შემცირებული.
რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შედეგად ლარსთან შექმნილ ვითარებაზე შეფასებებს აკეთებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ელჩები ამბობენ, რომ აუცილებელია იმ ადამიანებს გაეწიოთ დახმარება, ვინც გაურბიან რეპრესიებსა და ომს რუსეთსა და უკრაინაში.