27 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
აშშ-ის ელჩი გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს - თავად ვაშაძე კი დღეს ტელეკამერებთან აღარ გამოჩენილა

ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადების უარყოფა დღეს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოუწია. ის, რასაც ვაშაძე 2 დღის წინ ამტკიცებდა, რომ საქართველომ უარი თქვა ამერიკისგან თავდაცვის აღჭურვილობის მიღებაზე, სიცრუე აღმოჩნდა - ელჩმა თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

თავად ვაშაძეს, დღეს პარლამენტში მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია. მისი განცხადების განმარტება თანაპარტიელს, პაატა მანჯგალაძეს მოუწია, რომელმაც თქვა, რომ არაზუსტი არა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის კომენტარი, არამედ ის ინტერპრეტაციები იყო, რომელიც მის განცხადებას მოჰყვა. გიორგი ვაშაძე ამტკიცებდა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, აშშ-მა საქართველოს მთავრობას თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზა, რაზეც "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა.

კელი დეგნანის განცხადებამდე, გიორგი ვაშაძე მისი კომენტარის გამო კრიტიკის ობიექტი "ხალხის ძალის" მხრიდან ჯერ კიდევ გუშინ გახდა. დღეს კი, მოძრაობის წევრებმა მისასალმებელი უწოდეს ელჩის განმარტებებს, თქვეს, რომ კელი დეგნანი ვაშაძეს გაემიჯნა და ამით ის ტყუილში ამხილა.

ვაშაძის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებენ ოპოზიციური პარტიები, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ამ თემას აქტიურად ეხმაურებოდნენ. დღეს მხოლოდ იმას ამბობენ, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, საქართველოს ამერიკა ყოველთვის გვერდში ედგა.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გიორგი ვაშაძის სიცრუეების ტირაჟირებას ახლა ფარდა ამერიკის ელჩმა ახადა. მათი განმარტებით, "სტრატეგია აღმაშენებელი" მსგავსი განცხადებებით საზოგადოებაში ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიის დანერგვას ცდილობს.

კელი დეგნანის საპასუხოდ, გიორგი ვაშაძე მედიასთან არ გამოჩენილა, თუმცა მმართველი პარტიის მისამართით სხვა ბრალდებები დღის პირველ ნახევარში მაინც გააჟღერა.

გიორგი ვაშაძემ ჯერ კიდევ ორი დღის წინ თქვა, რომ საქართველომ მრავალმილიარდიან მხარდაჭერაზე უარი თქვა, რაც მისი განმარტებით ნიშნავს, უარს "ლენდლიზსა" და თანამედროვე შეიარაღებაზე. ვაშაძე იმასაც ამტკიცებდა, რომ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან მალევე, ამერიკულ წრეებში განიხილებოდა ქართველი მფრინავების გადამზადება უკრაინელებთან ერთად.

დღის ამბები