27 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
მსოფლიო რუკაზე კიდევ 4 არაღიარებული რეგიონი გაჩნდა - პუტინმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები რუსეთს მიუერთა

მსოფლიო რუკაზე კიდევ 4 არაღიარებული რეგიონი გაჩნდა - პუტინმა ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებასა და მათ რუსეთთან შეერთების დოკუმენტს ხელი მოაწერა. კრემლი საკუთარ გადაწყვეტილებას იმ ე.წ. რეფერენდუმების შედეგებით ხსნის, რომელიც მსოფლიოს არც ერთმა ცივილურმა ქვეყანამ არ აღიარა.

დასავლეთი ბოროტებაა. ძალა, რომელიც ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად ადამიანებზე ცდებს ატარებს და სატანიზმის პროპაგანდას ეწევა. რუსეთი კი სინათლის ერთადერთი წყაროა - ეს კრემლის ლიდერის გამოსვლის მთავარი გზავნილი იყო. ოკუპანტი ქვეყნის ბელადმა მაგალითად, ანექსირებული ტერიტორიების მოსახლეობაც დაასახელა, რომელიც ტირანიისგან იხსნა. მისი შეფასებით მოძალადე უკრაინას კი, მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.

აგრესორი ქვეყნის ლიდერის გამოსვლის დასრულებისთანავე ვოლოდიმირ ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. უკრაინის პრეზიდენტმა ნატოში დაჩქარებულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებს - სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას ბოლო მოეღოს. ვინაიდან, მათ, ვინც ტერიტორიების ოკუპაციას და პუტინის უკანონო გადაწყვეტილებას არ ემხრობა, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი უბრალოდ ანადგურებს.

დღეს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი სასაკლაო ზაპოროჟიეში მოაწყო. რუსული არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ავტოკოლონის დაბომბვის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე მცირეწლოვანი. დაშავდა - 107. ზაპოროჟიეს ოლქში 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრზეც. განადგურებულია ავტობუსების პარკი. მრავალსართულიანი კორპუსის ნანგრევებში კი ათობით ადამიანს ეძებენ. აფეთქებულია რამდენიმე კერძო სახლი. ოკუპანტების "ისკანდერის" ტიპის რაკეტას ბებია, შვილი და 2 შვილიშვილი ემსხვერპლა.

 

დღის ამბები