27 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
ჩქაროსნული მაგისტრალები, სკოლების, დევნილთა სახლების, ჯარის და პოლიციის ქალაქების მშენებლობა - რა პროექტების დაფინანსებას აპირებს მთავრობა 2023 წლისთვის

2023 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის 6 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა. აქედან, მილიარდ 700 მილიონზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება. მილიარდ 200 მილიონი ლარი გზებზე დაიხარჯება, დასრულდება დაწყებული და დაიწყება ახალი პროექტები, მათ შორის რიკოთი, ქვეშეთი კობი და კახეთის მიმართულება.

მთავრობა ამბობს, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქს ექნება წყლის გამართული სისტემა.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება, განათლებაა. 2023 წლის იანვრიდან იწყება 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა. ქვეყნის მასშტაბით 800 საჯარო სკოლა მძიმე მდგომარეობაშია, ამისთვის ბიუჯეტიდან 3 წლის განმავლობაში დაახლოებით მილიარდ ლარამდეა გამოყოფილი.

ათასზე მეტი პოლიციელი თბილისში ბინის გასაღებს მიიღებს. პოლიციის ქალაქი ჯიქიაზე შენდება. პირობები იგივე იქნება, რაც ჯარისკაცებისთვის იყო - პოლიციელები ერთ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 100 დოლარს გადაიხდიან, დანარჩენს სახელმწიფო დაფარავს. ჯარის ქალაქი კი უკვე ფაქტობრივად დასრულებულია, ის რამდენიმე თვეში გაიხსნება. პროგრამა ერთჯერადი არ არის და ის მომავალშიც გაგრძელდება. პარალელურად იწყება დევნილთა ახალი სახლების მშენებლობაც. 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი პროექტისთვის ტენდერები უკვე ჩატარებულია, გამოყოფილია 250 მილიონი ლარი.

ხელფასების ზრდის, პოლიციის შენობების, ბაზების მშენებლობისა და რემონტის გარდა, მთავრობა დამატებით 3 ვერტმფრენს იყიდის, ასევე გათვალისწინებულია 27 მილიონ 700 ათასი ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ახალი სახანძრო მანქანების შესაძენად.

დაფინანსება ეზრდება სოფლის მეურნეობის სფეროსაც. სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის, ჯამურად 900 მილიონი ლარი გამოიყოფა.

 

დღის ამბები