27 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
სამი სტრუქტურის თანამშრომლები 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ - მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება პენსიაც და შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დახმარებაც

მომდევნო წლის იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის უწყებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. გადაწყვეტილებაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელფასები ყველა საჯარო სამსახურში და სახელმწიფო სტრუქტურაში მოიმატებს. შრომის ანაზღაურება ეზრდებათ სკოლის, საბავშვო ბაღების პედაგოგებსა და პერსონალს. მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება პენსიაც და შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დახმარებაც.

ხელფასის მომატების საკითხში მთავრობა წინასწარ მომზადებული სტრატეგიით ხელმძღვანელობს. ფინანსთა მინისტრი კონკრეტულ პრიორიტეტებს ასახელებს.

"როგორც გვაქვს სტრატეგიაში გაწერილი მომდევნო წლების განმავლობაში საჭიროა ხელფასების ზრდა დაახლოებით 10 პროცენტის ოდენობით ყოველწლიურად, თუმცა იმ გამოწვევებიდან, რომელიც ქვეყანას დღესდღეობით აქვს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელფასების ზრდამ თავდაცვის, შსს-სა და უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებულიყო იმაზე მეტად, ვიდრე, ზოგადად საჯარო სექტორში გაიზრდება ხელფასები," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას ის უწყებები აფასებენ, სადაც ანაზღაურება იზრდება. ძალოვან სტრუქტურებში ამბობენ, რომ ხელფასის მატება მთავრობის თანამიმდევრულმა პოლიტიკამ განაპირობა. სარგოს გაზრდის ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

ბიუჯეტში დამატებითმა შემოსავლებმა, პრემიერის განცხადებით, მთავრობას ბევრი ახალი წამოწყების დაფინანსების შესაძლებლობა მისცა. მისივე განმარტებით, 2023 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებშია დაგეგმილი, მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი კი, 80 მილიარდი ლარი იქნება. პრემიერის თქმით, კოვიდპანდემიამ მსოფლიო ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა საქართველომ მას შემდეგ ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი შეინარჩუნა.

სამთავრობო გუნდში აცხადებენ, რომ ეკონომიკის მაღალი მაჩვენებლების შესანარჩუნებლად მინისტრთა კაბინეტი მუშაობას აქტიურად განაგრძობს.

დღის ამბები