27 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"ჩვენ ვადასტურებთ, კინზინგერმა თქვა, რომ საქართველოს უნდა გადაეცეს ჰაიმარსები, რაც შეიძლება მეტი" - პაატა მანჯგალაძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე

გიორგი ვაშაძე დილით გაკეთებული განცხადების შემდეგ მედიასთან აღარ ჩანს. დამატებითი განმარტებების გაკეთება მის თანაგუნდელებს მოუხდათ. საუბარია ვაშაძის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ ხელისუფლებამ ამერიკას მრავალ მილიარდიან სამხედრო დახმარებაზე უარი უთხრა. ამავე განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩმა, რომელმაც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის ბრალდებები არ დაადასტურა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, არასწორი არა გიორგი ვაშაძის განცხადების შინაარსი, არამედ ამ განცხადებაზე სხვადასხვა ინტერპრეტაცია იყო. 

"რა გიკვირთ, რომ სტრატეგიული პარტნიორი ეხმარება საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაში. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. რას მოჰყვა აჟიოტაჟი, ისიც გაუგებარია ჩემთვის. არ უარვყოფთ, არ გვეშინია ლაპარაკი "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით. ჩვენ ვადასტურებთ, რომ კინზინგერმა თქვა, რომ საქართველოს უნდა გადაეცეს ჰაიმარსები, რაც შეიძლება მეტი," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

ამავე საკითხზე განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ. 

"ვერ გეტყვით ეს ინფორმაცია იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით საიდან გავრცელდა, შესაბამისად, ჩემი მხრიდან კომენტარი იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით არ მგონია სწორი იყოს. არსად ვსაუბრობ იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ გადამზადებაზეა საუბარი, შეთავაზება თუ იქნებოდა გადამზადებასთან დაკავშირებით, ზოგადად "ქართული ოცნება" ძალიან კარგად ფუთავს ამ ყველაფერს, როგორც ომში ჩათრევის მცდელობად," - ამბობს ბაჩო დოლიძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში ეხმარება. 

"შეერთებული შტატები ჩვენ გვეხმარება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. მაგრამ კონკრეტულად გვთავაზობდნენ, ჩვენ უარი ვთქვით და ამდენი ავტომატი იყო და ბომბი იყო, ცოტა არ იყოს, სპეკულაცია მგონია," - ამბობს დავით უსუფაშვილი.

დღის ამბები