ევროზონაში ინფლაციამ სექტემბრის თვეში ორნიშნა, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რაც უკრაინაში რუსეთის ომის უარყოფითი ეკონომიკური ეფექტით არის გამოწვეული.
ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტოს შეფასებით, ინფლაციამ ევროზონის 19 ქვეყანაში სექტემბერში 10.0%-ს მიაღწია, აგვისტოს მაჩვენებელი კი 9.1% იყო.
ბოლო დროს ევროზონაში ფასების მატება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ენერგორესურსების 40%-იანი გაძვირებით იყო განპირობებული. საკვებზე, თამბაქოზე და ალკოჰოლზე კი, ფასები დაახლოებით 11.8%-ით გაიზარდა.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ყველაზე მძიმე ზეგავლენის ქვეშ რჩებიან, ინფლაციის მაჩვენებლები ესტონეთში 24.2%, ლიეტუვაში 22.5% და ლატვიაში 22.4%-ია.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საფრანგეთში დაფიქსირდა - 6.2%; საუკეთესო სამეულში არიან მალტა და ფინეთი 7.3% და 8.4%-იანი ინფლაციით.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ქვეყნებს აფრთხილებს რომ, ზამთრის ენერგეტიკული შეფერხების შემთხვევაში, ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერ გერმანიაში, შესაძლოა 2023 წელს წლიური რეცესია დაფიქსირდეს.
წყარო : "ევრონიუსი"