27 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
პატრიარქის მდივნის აზრით, რუკაზე სადაც ჩიჩხიტურის სადავო კოშკი აზერბაიჯანის მხარესაა მოქცეული, ივერი მელაშვილის ხელმოწერაა

დავით გარეჯის საქმის მორიგი განხილვა სასამართლოში - მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე გამოკითხა, რომელთა შორის პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი იყო. სასულიერო პირის თქმით, ის ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არ იცნობს, თუმცა ახსოვს ის განცხადებები, რომლებსაც სადავო ტერიტორიაზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებდნენ, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი. მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მას ნანახი აქვს ის დოკუმენტიც, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიქმნა და სადაც ჩიჩხიტურის სადავო კოშკი აზერბაიჯანის მხარესაა მოქცეული. 

დოკუმენტზე, რომელიც 2006 წლის რუკას ასახავს, პატრიარქის მდივნის აზრით, სწორედ ბრალდებული ივერი მელაშვილის ხელმოწერაა. მიქაელ ბოტკოველმა ამის შესახებ სასამართლოში მოსამართლის წინაშეც თქვა და თქვა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საპატრიარქოში იხილა. ამ საკითხის გარშემო მას მეტი აღარ უსაუბრია, თქვა მხოლოდ ის, რომ 1996 წლისა და 2006 წლის რუკები ერთმანეთისგან შესამჩნევად განსხვავდება.

ბრალდების ადრესატმა სასულიერო პირს უკვე სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა. მელაშვილის განმარტებით დოკუმენტი რომელზეც მიქაელ ბოტკოველი საუბრობს მხოლოდ სამუშაო ვერსია იყო. თუმცა პროკურატურა სხვა აზრზეა. ბრალდების მხარეს ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებს რატომ არის 1996 და 2006 წელს შედგენილ დოკუმენტებში რადიკალური სხვაობა. ორივე დოკუმენტზე კი ილიჩოვას და მელაშვილის ხელმოწერაა. არ არის გამორიცხული საქმის მასალებს მალე საპატრიარქოს ოფიციალური წერილებიც დაერთოს რომელიც პატრიარქმა ბაქოს გაუგზავნა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, 1996 წლის დოკუმენტსაც, რომლის მიხედვითაც საზღვრის ხაზი, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ, მთის ქვევით გადიოდა და არა თხემზე, სწორედ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ხელმოწერა აქვს, თუმცა, პროკურორის თქმით, 2005-2007 წლებში, კომისიის მუშაობის ფარგლებში ბრალდებულებმა საზღვრის ხაზი განსხვავებულად შეათანხმეს. ამ ფაქტმა კი, საგამოძიებო უწყების თქმით, საქართველოს ინტერესები დააზიანა.

გარდა დოკუმენტების, მონახაზების და რუკებისა, მიქაელ ბოტკოველმა სასამართლოში იმ განცხადებებზეც ისაუბრა, რომელსაც ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აღნიშნული საკითხის გარშემო აკეთებდნენ. მათ შორის, დეკანოზმა გაიხსენა ნინო კალანდაძის 2011 წელს გაკეთებული განცხადება, რასაც სასულიერო პირის მტკიცებით, წინ უძღოდა მაშინდელი პრეზიდენტის კომენტარიც სტრატეგიულ წერტილებზე. თავის დროზე მაღალი თანამდებობის პირებისგან გაჟღერებული პოზიციები საპატრიარქოსთვის ორაზროვანი და გაუგებარი იყო. მიქაელ ბოტკოველის გარდა სასამართლომ დღეს ბრალდების მხარის კიდევ ერთ მოწმეს მოუსმინა - მამუკა ბალავაძეს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. პროკურატურის მტკიცებით, ბალავაძე იმ 2 შეხვედრას ესწრებოდა, სადაც საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს. მოწმეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება, 2006-2007 წლებში სადელიმიტაციო და სადემარკაციო კომისიის ფარგლებში, მეზობელ აზერბაიჯანთან, საზღვრის ხაზების ქვეყნის საზიანოდ, შედგენას ედავება.

დღის ამბები