20 დაშავებული - 3 დაღუპული. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. ასეთი შედეგით დასრულდა რუსეთის სარაკეტო იერიში ქალაქ დნეპრზე. სრულად განადგურდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, კრიტიკულად დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსი. ეჭვობენ, რომ ნანგრევებში რამდენიმე ათეული ადამიანია.
ოკუპანტები უტევენ კრივიი-რიჰსაც. ქალაქის მიმართულებით ნასროლი რამდენიმე რაკეტა თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. თუმცა, ორი მათგანის გაუვნებელყოფა ვერ მოხდა. შედეგად, აფეთქდა მარცვლეულის გადამამუშავებელი ქარხანა და საცხოვრებელი სახლი.
11 ადამიანი დაშავდა კრამატორსკში. ოკუპანტებმა ქალაქის გარეუბანი დაბომბეს. ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცა საავადმყოფოს შენობა, რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი და მიუსაფარ ბავშვთა სახლის შენობა.
ღამის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ ოკუპანტების ორი სამეთაურო შტაბი, იარაღის ორი საცავი და ტექნიკა გაანადგურა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოიერიშეებმა 16 დარტყმა განახორციელეს. წარმატება აქვთ უკრაინელ ქვეითებს ზაპოროჟიეს მიმართულებით, 24 საათის განმავლობაში ლიკვიდირებულია 450-მდე რუსი სამხედრო.
მოსკოვში კი უკრაინული ტერიტორიების ანექსიის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის ემზადებიან. უკვე დამონტაჟებულია სცენა და ბანერები იმ ოლქების დასახლებით, სადაც უკანონო "რეფერენდუმი" ჩატარდა. პუტინის პრეს-მდივანი ადასტურებს, რომ ოფიციალურ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტი, ხვალ გააკეთებს. რის შემდეგაც ტერიტორიების შეერთებისათვის საჭირო ხელშეკრულებები გაფორმდება.