27 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან - შალვა პაპუაშვილი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში "ვიზიტის" შესახებ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში "ვიზიტის" ფაქტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა. პაპუაშვილის თქმით, ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან.

"რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომაც ძალიან მკვეთრი, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბელარუსის ელჩი, მოსთხოვა მას განმარტება და ახლა სამინისტრო არის ამ განმარტების მოლოდინში. თავისთავად, ეს ნაბიჯი, ანუ ეს ჩასვლა, არღვევს საერთაშორისო სამართალს, ასევე არღვევს ჩვენს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რაც არის საქართველოსა და ბელარუსს შორის. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ბელარუსი დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს და ამ განმარტების ფარგლებში ჩვენ ვნახავთ, რომ რაც შეეხება განსაკუთრებით არ აღიარების პოლიტიკას, აქ რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება. მოთხოვნილ იქნა განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იქნას წარმოდგენილი. 

ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან საქართველოსთან ურთიერთობის და მნიშვნელოვანია ეს წითელი ხაზი არ იქნას გადაკვეთილი," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნინო შუბლაძის კითხვაზე, განიხილება თუ არა თუნდაც ელჩის გამოწვევა ბელარუსიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პრევენციისთვის, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აქ საჭიროა დიპლომატიური მიდგომა ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებით, რათა ბელარუსმა არ გადადგას რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან წინააღმდეგობაში.

"საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამ ეტაპისთვის ადეკვატური დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს ნაბიჯი თავის შედეგს გამოიღებს," - აცხადებს პაპუაშვილი. 

დღის ამბები