27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
გაგრძელდება თუ არა საწვავის ფასის კლების ტენდენცია საქართველოში - როგორია სპეციალისტების პროგნოზი

მსოფლიოში საწვავის ფასის მკვეთრი ვარდნა საქართველოშიც აისახა. საწვავის ფასის კორექტირებაზე გავლენა ეკონომიკის ექსპერტების მტკიცებით საგარეო ფაქტორების გარდა, ეროვნული ვალუტის გამყარებამაც იქონია.

ბენზინსა და დიზელზე ფასის კლებამ სავარაუდოდ სხვა პროდუქტების საფასურიც უნდა შეამციროს. პარალელურ რეჟიმში კი კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასებთან დაკავშირებით მოკვლევას განაგრძობს. მთავრობას აინტერესებს, რამდენად იყო შესაძლებელი იმპორტიორებს საწვავზე ფასი ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდში დაეწიათ.

შემცირების ტენდენცია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მომდევნო თვეშიც გაგრძელდება. აგვისტოს დასაწყისთან შედარებით, სექტემბრის ბოლოს საწვავის ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებისა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შედეგია.

განსხვავებული ვითარება იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რასაც გლობალურად ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა მოყვა. ეს ვითარება საქართველოში საწვავის ფასებზეც აისახა, თუმცა აპრილიდან ბენზინის ღირებულება დასტაბილურდა, რასაც ბოლო თვეებში საწვავის ფასების მნიშვნელოვანი შემცირება მოჰყვა. მომხმარებლები გაიაფებით კმაყოფილები არიან, თუმცა აცხადებენ, რომ საწვავი კვლავ ძვირი ღირს.

სექტემბრის მონაცემებით საქართველოში საწვავის 40% რუსეთიდან შემოვიდა, დაახლოებით 30% რუმინეთიდან. ჩვენ ქვეყანაში საწვავი შემოდის ასევე ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან და მცირე ნაწილი თურქმენეთიდან. რეგიონში არსებული რისკების გათვალისწინებით, ექსპერტების მოსაზრებით ახლა მთავარი ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა.

აგვისტოს თვეში მნიშვნელოვნად შემცირდა ბენზინის წვლილი წლიურ ინფლაციაში, რაც ბუნებრივია, აისახება სხვა პროდუქტების თუ მომსახურების ფასების შემცირებაზე. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საგარეო და შიდა ფაქტორები საწვავის გარდა სხვა პროდუქტებზე ფასების შემცირებას განაპირობებს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო საწვავის ფასის მოკვლევასთან დაკავშირებით შედეგებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დადებს. სააგენტომ უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის კლება, ვალუტის კურსის გამყარება და საწვავის იმპორტის გაიაფება რატომ არ აისახა ადგილობრივ ბაზარზე აგვისტომდე, ანუ იქამდე, ვიდრე ფასების კლების ტენდენცია დაიწყებოდა.

დღის ამბები