რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია მამაკაცებისთვის უკრაინაში სიკვდილის განაჩენია. არ არის გამორიცხული, პუტინმა გასაქცევად საქმე აფხაზებსაც გაუხადოს. სიკვდილს გაქცეულები თავს დარიალის ხეობაში იყრიან, სადაც უკვე 30 კილომეტრიანი რიგია.
საქართველოში გამოქცეულები არც იმის თქმას ერიდებიან, რომ ოკუპანტ ფედერაციაში უკონტროლო ვითარებაა და ფრონტის ხაზზე მიჰყავთ ყველა, ვინც ხელში მოხვდებათ. კურიერს უყვებიან, რომ არც ომი სურთ და არც მათი პრეზიდენტის გადაწყვეტილების ესმით. ზოგი მათგანი საქართველოდან წასვლას აპირებს, ზოგიც დარჩენას.
დარიალის ხეობაში, უღელტეხილზე ავტომობილების 30 -კილომეტრიანი რიგებია. ავტოკოლონა ვლადიკავკაზამდე აღწევს, თუმცა რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ ცნობასაც, რომ საქართველოში გადმოსვლის მსურველთა რაოდენობა მცირდება. "კურიერი" დღეს იმ ადამიანებსაც ესაუბრა, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას ტოვებს და რუსეთში მიდის.
რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა პარტია "დროას" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დარიალის ხეობიდან გააპროტესტეს.
მას შემდეგ, რაც პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, 21 -26 სექტემბრის პერიოდში საქართველოში 53 136 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ქვეყანა 34 990-მა დატოვა. ათჯერ უფრო მეტი, ამ დრომდე, საცობში დგას და თავის რიგს ელის. საზღვარს კვეთენ როგორც მობილიზაციას გამოქცეული მამაკაცები, ასევე ქალები და ბავშვები. ოფიციალურმა თბილისმა საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა.
"ნაციონალური მოძრაობა" ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვს და რუსეთის მოქალაქეებისთვის 1000-ლარიანი მოსაკრებლის დაწესებას მოითხოვს, მმართველი გუნდი კი ოპოზიციურ პარტიას პოლიტიკურ წარსულს ახსენებს და ამბობს, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ყველა კანონის შესაბამის კონტროლს გადის.
იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვლადიმერ პუტინს გაურბიან, ყოველდღიურად იზრდება. მობილიზაცია რუსეთის პრეზიდენტისთვის ახალა მთავარი თავსატეხია.