27 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ბელარუსის პრეზიდენტის წინასწარ გამოუცხადებელი "ვიზიტი" ოკუპირებულ აფხაზეთში - თბილისი განმარტებებს ითხოვს

ბელარუსის პრეზიდენტის წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში - თბილისი განმარტებებს ითხოვს. სოჭიდან გაგრის გავლით, ბიჭვინთაში ჩასულმა ბელარუსის პრეზიდენტმა პირველი განცხადებები უკვე გააკეთა და აღიარა, რომ აფხაზეთის თემატიკას 2 დღის წინ, დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა პუტინის აგარაკზე.

ფაქტია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების ე.წ. შედეგების გამოცხადების დღეს ჩადის. ლუკაშენკოს ერთხელ უკვე ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას მაშინ, როცა ამას ვლადიმერ პუტინი ეტყვის.

დღეს, გაკეთდა პირველი მინიშნებაც "ჩვენ გვინდა თქვენთან ავაგოთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ დავამყაროთ ძალიან სერიოზული ურთიერთობები" - განუცხადა ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ჩასულმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერს ოკუპირებულ აფხაზეთში მრავალი წელი ელოდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ლუკაშენკოს არ დაუმალავს, რომ აფხაზეთში სოჭში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა. ლუკაშენკომ ასლან ბჟანიასთან შეხვედრის დროს ღიად განაცხადა რომ ეს ვიზიტი უფროსი ძმის სურვილი იყო.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობას "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. პრემიერი წერს რომ, ეს "ვიზიტი" არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

"კატეგორიულად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს," - აცხადებს ღარიბაშვილი.

ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გმობს საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა. ლუკაშენკოს პროვოკაციულ ნაბიჯს მწვავე რეაქცია მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოშიც.ოპოზიცია საშიშ პრეცედენტზე მიუთითებს.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ ლუკაშენკოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. პირველი ნაბიჯი კი საგარეო უწყებამ უკვე გადადგა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის გამოსახატად ბელარუსის ელჩი დაიბარეს.

ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე საათიანი ვიზიტი უკვე დასრულებულია. ლუკაშენკოს ჯერ-ჯერობით არ დაუკონკრეტებია აღიარებს თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას მისი ქვეყანა. 

დღის ამბები