27 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პუნქტების შესრულება, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომლითაც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ინტერესდება

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პუნქტების შესრულების პროცესზე დაკვირვება - სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლითაც თბილისში ჩამოსული ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ინტერესდება.

ხავიერ კოლომინამ ხელისუფლების პირველ პირებს უკვე მოუსმინა, დღეს კი შეხვედრები ოპოზიციასთან იგეგმება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსანი ინკლუზიური პროცესის აუცილებლობაზე და ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანაბარ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

"ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მესამე ვიზიტია საქართველოში, ჩემს ჩამოსვლას სამი მიზეზი ჰქონდა, პირველი - ეს არის მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, როგორც ეს მოხდა მადრიდის სამიტზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც იყო მოწვეული და დამტკიცდა სტრატეგიული კონცეფცია. ეს ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანია პუტინის მიერ ყალბი რეფერენდუმის და ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფონზეც, რადგან ეს დიდ გავლენას ახდენს საქართველოზეც.

ჩამოსვლის მეორე მიზეზია საქართველოსთან დაკავშირებული ის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ - მსურდა ხელისუფლებისგან გამეგო თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ, განსაკუთრებით ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისა და 12 პუნქტიანი რეკომენდაციის დამტკიცების შემდეგ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ძალიან მკაფიო გზა, რომელიც გამოხატულია ამ რეკომენდაციებში, და ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ.

ვიზიტის მესამე მიზანია, გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება ხელისუფლების მხრიდან რეფორმების განხორციელების ტემპთან დაკავშირებით. ამ საკითხზე ვესაუბრე ქვეყნის პირველ პირებს. მათ დამარწმუნეს, რომ რეფორმები განხორციელდება,"- განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

დღის ამბები