საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთების საკითხზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს აქვეყნებენ. მათი მტკიცებით, ხმების სრულად დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში ე.წ ამომრჩევლების 99.23%-მა, ლუჰანსკში - 98.42%-მა, ზაპოროჟიეში - 93.11%-მა, ხერსონში კი - 87%-მა დაუჭირა მხარი.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ე.წ. რეფერენდუმის მიმდინარეობის დროს უხეში დარღვევები და საჩივრები არ დაფიქსირებულა. ე.წ. რეფერენდუმი უკრაინის ოთხ ოლქში - ოკუპირებულ დონეცკსა და ლუჰანსკში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 23-27 სექტემბერს ჩატარდა.
პარალელურად, მძიმე ბრძოლები გრძელდება ფრონტის ხაზზე, რუსულმა ჯარებმა 3-ჯერ დაბომბეს უკრაინის მიერ განთავისუფლებული ხარკივის ოლქი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ოლქის ნაწილში შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება.
რუსებმა ავიაიერიშები მიიტანეს ოდესის, დნიპროპეტროვსკის და სუმის ოლქებზეც. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.