27 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
მოსკოვი ისევ ბირთვული იარაღით იმუქრება და რადიაციისგან დასაცავად კალიუმის იოდიდს ყიდულობს - როგორ აპირებს მსოფლიო საფრთხის შეჩერებას

კრემლი კვლავ ბირთვული იერიშით იმუქრება. დიმიტრი მედვედევი ტელეგრამ არხზე აცხადებს, რომ მოსკოვს უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი ნებართვის გარეშე. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დასძენს, რომ ეს ბლეფი არ არის.

"ბაიდენი და ტრასი, ასევე ბლინკინები და სალივანები რუსეთს სთხოვენ, "ბირთვულ ღილაკს" ხელები მოაშოროს. ისინი ერთად მუდმივად გვემუქრებიან "საშინელი" შედეგებით - თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და ლონდონელი დეიდა, ახალგაზრდა ჭკუით, სრულიად მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს საპასუხო ბირთვული დარტყმები ჩვენს ქვეყანასთან. კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, ყრუ-მუნჯებისთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავის ესმის - რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში. თუკი ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით, ან თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით აგრესია საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს არსებობას," - აცხადებს მედვედევი.

ამ განცხადების შემდეგ, ცნობილი ხდება კრემლის გადაწყვეტილებაც კალიუმის იოდიდის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შესყიდვაზე, რაც უახლოეს 4 დღეში უნდა განხორციელდეს. უკვე გამოყოფილია 5 მილიონი რუბლი. პრეპარატი ხელს უშლის რადიოაქტიური იოდის შეწოვას ორგანიზმში და ადამიანს იცავს რადიაციული დაზიანებებისგან

ბირთვული იერიშის მუქარის პარალელურად საოკუპაციო ძალამ მასშტაბური შეტევა განახორციელა დნიპროპეტროვსკის ოლქზე. ქალაქ კრივი რიჰში ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში აეროპორტზე მიიტანეს. განადგურებულია ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი. წინასწარი ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა აეროპორტის 20-მდე თანამშრომელი.

ბოლო ერთი კვირაა გრძელდება შეტევა ოდესის ოლქზე. ირანული წარმოების დრონებით საპორტო ქალაქზე იერიში გვიან ღამით კიდევ ერთხელ მიიტანეს, თუმცა შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. საჰაერო თავდაცვის სისტემამ სამივე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

3 რაკეტა ისროლეს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთ დასახლებაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ღამის განმავლობაში ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა გაანადგურეს. ხერსონში ააფეთქეს 7 ერთეული ჯავშანმანქანა, 10 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი. ლიკვიდირებულია 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი. ზაპოროჟიეს ოლქში კი ოკუპანტების დანაკარგია სარაკეტო კომპლექსი С-300 და 5 ტანკი.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი მოქალაქეებს თავისუფლებას ართმევენ. დღეს სრულდება საოკუპაციო ძალის ე.წ რეფერენდუმი. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროცესი ოთხივე ოლქში, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ჩატარებულად გამოცხადდა.

ცივილიზებული სამყარო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ რეფერენდუმს არ აღიარებს. დასავლეთში ეჭვობენ, რომ შემდეგი ეტაპი რუსეთთან ტერიტორიების ფორსირებულად მიერთება იქნება. როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, ეს სავარაუდოდ, 1 ოქტომბერს მოხდება.

 

 

დღის ამბები