არის თუ არა ჩქმეტა ფიზიკური ძალადობა? - მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას ახლა ამის დადგენაც მოუწევს. ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ მასზე პირველი ფიზიკური ძალადობა 10 წლის წინ ქორწილის დღეს მოხდა. ნელი დოროყაშვილის მტკიცებით, მსოფლიოს 37-ე ჩოგანმა მას მხარზე უჩქმიტა, თუმცა ეს ერთადერთი ბრალდება არ არის რასაც დოროყაშვილი ბასილაშვილს უყენებს.
ტელეფონის რამდენჯერმე დამტვრევა, საბანკო ბარათების დაბლოკვა, პროფესიულ საქმიანობაზე უარის თქმა, ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა ორსულობის დროს - ეს იმ ბრალდებების ჩამონათვალია, რაზეც დაზარალებული ქალი უკვე სასამართლოს მეოთხე სხდომაზე საუბრობს. დღეს, ნელი დოროყაშვილს შეკითხვების ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებიც უსვამდნენ და მისი ჩვენების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენეს. ცნობილი ჩოგბურთელის დაცვის მხარის მტკიცებით, დოროყაშვილი ქმარს კერძო დეტექტივების საშუალებით უთვალთვალებდა. ანალოგიურ ბრალდებას უყენებს ყოფილ ქმარს დაზარალებულიც.
ურთიერთბრალდებებს სხდომათა დარბაზში დღეს ხმაურიც მოჰყვა.
ცნობილ ჩოგბურთელს ოჯახური ძალადობის 5 ეპიზოდს ედავებიან, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ბრალის დამტკიცების შემთხევაში, ნიკოლოზ ბასილაშვილს მაქსიმალურ სასჯელად 3-წლამდე პატიმრობა ემუქრება.