ზემო ლარსთან, საქართველოში შემომსვლელთა რიგი დგას. რუსეთი იქ სამობილიზაციო პუნქტის მოწყობასაც კი გეგმავს.
ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ საზღვრის მიმართულებით მანქანების ნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება. ამის გამო რუსეთის მოქალაქეებს საზღვრის ქვეითად გადმოკვეთის ნებაც დართეს, აქამდე ეს შესაძლებელი იყო ავტომობილით ან ველოსიპედით.
ისინი, ვინც გამშვებ პუნქტს გადმოდიან აცხადებენ, რომ რიგში საათების განმავლობაში იდგნენ, ნაწილი არ მალავს, რომ სამხედრო მობილიზაციას გამოექცა, რომელიც მხოლოდ ფორმალურად არის ნაწილობრივი.
"ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო გადავწყვიტეთ წამოსვლა. აქ გაჩერებას არ ვაპირებთ თურქეთში გვინდა გადასვლა ან სადმე,"- აცხადებს რუსეთის მოქალაქე.
ერთ-ერთი გადმომსვლელი იმედს გამოთქვამს რომ სახლში დაბრუნება მალე მოუწევს.
"დარწმუნებული ვარ ეს საშინელება, რაც ჩვენთან ხდება მალე დასრულდება და ისევ დავბრუნდებით,"
საქართველოში გადმოსული რუსეთის მოქალაქის თქმით, მიუხედავად იმისა რომ საკუთარი ქვეყანა უყვარს, ახლა იქ გაჩერება ეშინია.
"არანაირი გეგმა არ მაქვს, რატომ გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა? მეგობრებმა მირჩიეს. რა თქმა უნდა, მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი სახლი, მაგრამ მეშინია იქ გაჩერება," - ამბობს ის.
რაც შეეხება ქართულ მხარეს, ოფიციალური სტატისტიკით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან 53 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა, მათგან 35 ათასამდე პირმა კი ქვეყანა დატოვა. ეს მონაცემი ყველა გამშვებ პუნქტს მოიცავს.
ავტორი: სანდრო სანაია