ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე სამხედრო კომისარიატი მოეწყობა, "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
პირები, რომლებსაც მიღებული აღმოაჩნდებათ გაწვევა, ქვეყნის საზღვარს ვეღარ გადაკვეთენ.
ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, აღნიშნული გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს. გუშინ რუსეთის მოქალაქეებს უფლება მისცეს, საქართველოს საზღვარზე ტრანსპორტის გარეშე, ველოსიპედებით გადმოსულიყვნენ.
ამასთან, გუშინ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან გამოჩნდა "ბე ტე ერი". რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განმარტა, რომ ტრანსპორტი საქართველოს საზღვართან გაუშვეს იმ შემთხვევისთვის, თუ რიგში მდგომი ადამიანები საზღვრის გარღვევას შეეცდებიან.
"ჯავშანტრანსპორტიორი საზღვრის მიმართულებით გადაადგილდება, თუმცა არა ბლოკ-პოსტის აღმართვისთვის, ეს უხეშად ნათქვამია. ეს იქნება იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტები მოისურვებენ საზღვრის გარღვევას და ქვეყნის დატოვებას ყველანაირი სასაზღვრო ფორმალობების გაფორმების გარეშე," - განუცხადა რუსულ მედიას ფსბ-ს წარმომადგენელმა.