27 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ბადრი ბასიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ტოვებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, ბადრი ბასიშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს ტოვებს.

როგორც ბასიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, საჭიროა პარტიის წესდებაში ცვლილებები და სტრუქტურის რეორგანიზაცია.

"ძმათაშორის ომს დაემსგავსა ეს მარაზმი! ამ საყვედურებში ყველას ავიწყდება, რომ ყველა დამნაშავე ვართ პუტინის პატიმარი მიშა რომ დღემდე ვერ დავიხსენით. ყველაზე დიდ პოლიტიკურ ორგანიზაციას აკეთილშობილებს პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვაგრძელებ ბრძოლას, ვრჩები ამ დიდი ოჯახის წევრი და მჯერა, რომ დღეს, ვინც სხვადასხვა აზრზე დგას, მალე ერთად მოგვიწევს ბრძოლა! პარტიის პოლიტსაბჭოში ბევრი ღირსეული წევრი და თანამებრძოლია, მაგრამ ვისურვებდი უფრო ქმედითს, მეტი გამჭვირვალობით და დემოკრატიულად არჩეულს,"- წერს ბადრი ბასიშვილი სოციალურ ქსელში.

პარტია დაპირისპირებას უარყოფს, ოფისში მომხდარ ჩხუბს კი პროვოკაციას უწოდებს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ პარტიაში არსებული ინციდენტი ამოწურულია. როგორც ის აცხადებს, ენმ გახსნილია მხარდამჭერებისგან ნებისმიერი კრიტიკისთვის, თუმცა აგრესიული რიტორიკა და პროვოკაციული მოქმედებები მიღებული არ იქნება.

"მე მგონია, რომ ეს ინციდენტი არის ამოწურული. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გახსნილი არის იმისათვის, რომ მიიღოს ნებისმიერი კრიტიკა მხარდამჭერებისგან, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებისგან, ყველას მიმართ, იქნება ეს პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს წევრები ან სხვა თანამდებობის პირები, მაგრამ აგრესიული რიტორიკა, პროვოკაციული მოქმედებები იმ პოლიტიკურ პარტიაში, რომლის დამფუძნებელი არის მიხეილ სააკაშვილი, არავითარ შემთხვევაში გაზიარებული და მიღებული არ იქნება. ამ ადამიანებმა გადადგეს ისეთი ნაბიჯები, რომელიც მინიმალურს ხდის მათთან შემდგომი ურთიერთობების შესაძლებლობას," - განაცხადა ნუგზარ წიკლაური.

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, რაც ამჟამად ჩანს ენმ-ს პარტიაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური თავბრუსხვევებია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამ პროცესს გავლენების გადანაწილებას უწოდებს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მიმდინარეობს.

"რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერჯერობით მაინც არის პოლიტიკური თავბრუსხვევები ენმ-ში. ალბათ კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება ჩვენს საზოგადოებას და ამას ყველა ნახავთ. ეს არის გავლენების გადანაწილების პროცესი მინიმუმ 3 პოლიტიკურ ჯგუფს შორის "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით, როცა ვამბობთ გავლენას, ამაში იგულისხმება პარტიული ფული და მედია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს. ამის გადანაწილების პროცესის მომსწრეა ჩვენი საზოგადოება. მაგრამ, მთავარი პრობლემა "ნაციონალურ მოძრაობას" რაც აქვს, გახლავთ ის, რომ პარტიას არ აქვს დღის წესრიგი, არ აქვს სამოქმედო გეგმა, არ ჰყავს ლიდერები, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებული. ეს პარტია ჩამოყალიბდა, როგორც დესტრუქციული, ანტისაზოგადოებრივი და ანტიპოლიტიკური მოძრაობა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს, მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც ენმ ქვეყანას პროვოკაციას უწყობდა, ბუმერანგივით დაუბრუნდათ პარტიის შიგნით.

"მე, რამდენიმე დღის წინ გითხარით, რომ ხელჩართული ჩხუბი იყოთქო და მერე უარყვეს, მაგრამ ახლა კონკრეტულმა დაზარალებულმა, იმას მოხვდა მეტი თუ მეორეს - არ ვიცი, თქვა, რომ თურმე შეხლა-შემოხლა ყოფილა. ეს არის მთელი აბსურდის თეატრი, რასაც აქამდე ესენი პროვოკაციას ქვეყანას უწყობდნენ, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ ახლა ერთმანეთში, და არკვიონ.

მე უბრალოდ ერთს ვთხოვდი, რომ ხაბეს ხელი არ მოხვდეს და ბატონ რომანს კიდევ ზედმეტი შეურაცხყოფა არ მიაყენონ," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები