ორი მილიონი, მიკროავტობუსი, ვერტმფრენი, რუსეთის დროშა და ანკესი - ქუთაისში ბანკზე თავდასხმამ, კვირის დასაწყისში, მთელი საქართველოს ყურადღება მიიპყრო, 10 საათის განმავლობაში, ყველანი პირდაპირ ეთერში ვაკვირდებოდით შოთა რუსთაველის გამზირის 124 ნომერს, "საქართველოს ბანკის" ფილიალს, მძევლებს და თავდამსხმელს. სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ადგილზე ხელმძღვანელობდა
სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ყველა მძევალი გათავისუფლდა. ტერორიზმში ბრალდებული მამაკაცი ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღით და იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით დაგვამახსოვრდება, მძევლები კი ქუთაისური იუმორით და ფრაზებით, რომლებიც სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საზოგადოებამ ვირუსულად აიტაცა.