27 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ - ელენე ხოშტარია

ქართულ პოლიტიკაში დაპირისპირებები გრძელდება - ამჯერად უთანხმოების ახალი საბაბი ოპოზიციურ ფლანგზე გაჩნდა. ვინ არის დავით კეზერაშვილი - მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც ოპოზიციურ ფლანგს აძლიერებს, თუ ოლიგარქი და მიუღებელი ფიგურა. კეზერაშვილი ამჯერად ღიად დაიცვა ელენე ხოშტარიამ.

"დროას" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ დიდი ხანია მასთან თანამშრომლობს და მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნია. ხოშტარია აკრიტიკებს ნიკა მელიას, რომელმაც, თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინ კეზერაშვილი გააკრიტიკა და ის ოლიგარქად მოიხსენია.

"კიევიდან კიდევ უფრო მძაფრად ჩანს რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ოპოზიციას.

იმპერიას ვებრძვით და ამ დროს მარტივ კითხვაზე რას შვება ოპოზიცია მარტივი პასუხია საჭირო.

ვის აინტერესებს "რაზბორკები".

დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ. ასევე ვიპარტნიორებ იმასთან ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება. არც კეზერაშვილი არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვიტავ.

6 თვეა დავით კეზერაშვილის და მისი ცოლის დაფინანსებით ვინახავთ უკრაინელებს.

მოკლედ საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ," - წერს ხოშტარია.

კეზერაშვილის პერსონასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება თავად "ნაციონალურ მოძრაობაში". აქაც შეიძლება ითქვას, რომ საერთო აზრზე არ არის პარტიის დიდი ნაწილი, თუკი რამდენიმე დღის წინ თავმჯდომარე გააკრიტიკეს საკუთარი პარტიის წევრებმა, დღეს ბაჩო დოლიძემ დაიცვა ნიკა მელიას პოზიცია და განმარტა, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რომელიც არსებობდა დავით კეზერაშვილთან - დასრულებულია და ახლა "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მიღწევაა, რაც ამ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის აზრით, ამ პარტიის გარეშე შეუძლებელი იქნება. 

"რაც შეეხება დავით კეზერაშვილს და პარტიას, ამასთან დაკავშირებით ნიკამ სავსებით გასაგებად ისაუბრა, ხელის ჩამორთმევაც აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო, მაშინ როცა გადაწყდა რომ კავშირი აღარ ჰქონოდათ ერთმანეთთან ამაზე საჯაროდ ისაუბრა. ამის იქით, მე ვფიქრობ, ამ თემას აღარ მივუბრუნდებით.

პარტიის შიგნითაც ურთიერთობა ვინმეს ვიღაცასთან შეიძლება ჰქონდეს, საერთოდ არ მიგვაჩნია ეგ პრობლემად და ეგ აბსოლუტურად ნორმალურიც არის. ვიღაცას უნდა მერაბიშვილთან მეგობრობა, ვიღაცას უნდა კეზერაშვილთან მეგობრობა, ვიღაცას უნდა მელიასთან მეგობრობა, ამ დეტალებში შესვლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

ნიკა მელიამ კეზერაშვილი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ღიად გააკრიტიკა, მას ოლიგარქი უწოდა და განმარტა, რომ კეზერაშვილის ფიგურა ოპოზიციურ ფლანგს საკმაოდ აზიანებს.

დღის ამბები