ომის 213-ე დღეს უკრაინაში - ფრონტის ხაზზე ვითარება კვლავ დაძაბულია და თითოეული მეტრისთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს.
ქვეყნის აღმოსავლეთით წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ პოზიციები გაიმყარონ და ოკუპანტებისგან ფაქტობრივად სრულად გათავისუფლებული ხარკოვის ოლქი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გახადონ.
ამის პარალელურად, რუსეთი კვლავ არ ეშვება უკრაინის სამხრეთ-დასავლეთს და ოდესას. მაშინ, როდესაც რუსული შავი ზღვის ფლოტი და ქვეითი არმია ვერაფერს გახდა, ოკუპანტებმა გადაწყვიტეს ირანისგან ნაყიდი კამიკაძე-დრონები, ე.წ შაჰედები გამოიყენონ და მიზანში ოლქის ინფრასტრუქტურა ამოიღონ. ამის საპასუხოდ კი უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, ირანის ელჩი უკრაინაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.