27 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
სოციალური დახმარების პროექტი, ვეტერანების დახმარება - ჯანდაცვის მინისტრი დეპუტატების წინაშე ინტერპელაციის წესით წარსდგა

საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ. ზურაბ აზარაშვილი დეპუტატების წინაშე ინტერპელაციის წესით წარსდგა. უწყების ხელმძღვანელმა კითხვები მოისმინა.

დღევანდელ ინტერპელაციას სიტყვიერი დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. ხმაური დავით კირკიტაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვი ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.  

ასევე, დეპუტატებს აინტერესებთ სოციალური დახმარების პროექტთან დაკავშირებული დეტალები, ასევე კითხვები დაისვა ვეტერანების დახმარებასთან დაკავშირებითაც.

თემებთან დაკავშირებით მინისტრთან კითხვა ჰქონდა პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრს, ბექა ლილუაშვილს.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამის მიზანი არის ძალიან კარგი, მისი განხორციელება არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება კარგი მიზნის სახელმწიფო პროგრამის ცუდად განხორციელება. 22 441 ადამიანია დასაქმებული ამ პროგრამით. ეს ადამიანები იღებენ თვეში 300 ლარის ოდენობის ხელფასს. აუცილებელია, რომ დაისვას კონკრეტული კითხვები, რეალურია თუ არა ქვე პროგრამის პრიორიტეტები, უზრუნველყოფილია თუ არა სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა და არსებობს თუ არა რისკები ამ პროგრამის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

ვეტერანების საავადმყოფოსთან დაკავშირებით კითხვა დასვა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეების” თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა.

"მათ აქვთ სპეციალიზირებული კლინიკა დიდუბეში, კახოვკაზე, მაგრამ ალბათ თქვენც იცით, რომ ეს ვერ არის ისეთი კლინიკა, როგორიც მათ ეკადრებათ. ვთხოვდით, რომ ახლა რომ ბიუჯეტი შემოვა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად და ასევე ვეტერანთა სამსახურთან ერთად ეს წინადადება ჩასვათ, რომ დიღომში მიწის ნაკვეთზე აშენდეს ვეტერანებისთვის სპეციალიზირებული თანამედროვე სრულფასოვანი კლინიკა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროგრამა, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდა, კარგი შესაძლებლობაა სოციალურად დაუცველებისთვის. ის მათ გააქტიურებას და სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებას შეუწყობს ხელს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს 61 ათასამდე ადამიანმა მიმართა. 

დღის ამბები