საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო დაპირისპირებამ განსაკუთრებული ინეტერსი გამოიწვია. პრინციპულ შეხვედრას ნაკრების წევრებთან ერთად გულშემატკივარიც მოუთმენლად ელის. მატჩზე დასასწრები 52 ათასი ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს რომ დინამო არენაზე 23 სექტემბერს სრული ანშლაგი იქნება.
უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები საგანგებოდ რეჟიმში ემზადება. გუნდში გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ძლიერი მეტოქის წინააღდეგ ითამაშებენ, რომელსაც ერთა ლიგის პლეი ოფში თამაშის შანსი ჯერ არ დაუკარგავს. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი უმძიმესი შეხვედრის მოლოდინშია, თუმცა ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ნაკრების თითოეული წევრი მაქსიმუმს გაიღებს სასურველი შედეგის მისაღწევად.
საქართველო- ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრები ყოველთვის დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობს, 2020 წელს ერთა ლიგის ფინალში რომელიც თბილისში გაიმართა ჩვენი გუნდი სწორედ მაკედონიასთან დამარცხდა, რევანში ქართველმა ფეხბურთელებმა 9 ივნისს სკოპიეში აიღეს, მეტოქე 3-0 დაამარცხეს.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში გადახალისებული შემადგენლობით ჩამოვიდა. საკადრო პრობლემების მიუხედავად, სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი ბლაგოჟა მილევსკი ამბობს რომ გუნდის თითოეული წევრი მაქსიმალურად მოტივირებულია და მზად არის საქართველოს ნაკრების დასამარცხებლად.
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონს 10 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს, მაკედონიას 7 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, შესაბამისად გამარჯვების შემთხევაში ჩვენი გუნდი პლეი ოფში თამაშს გაინაღდებს.საქართველო -ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს დინამო არენაზე 20 საათზე დაიწყება.