27 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ვის სანაცვლოდ გადასცა ერდოღანს აზოვის მეთაურები პუტინმა და როდემდე დარჩებიან თურქეთში უკრაინის გმირები - რა უთხრეს ვოლოდიმირ ზელენსკის "აზოვსტალის" მცველებმა

"აზოვის" მეთაური დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერგეი ვოლინსკი - "აზოვის" ხელმძღვანელების სანაცვლოდ რუსულმა მხარემ 55 ტყვე მოითხოვა. კიდევ ერთი პირობა ისაა, რომ ომის დასრულებამდე მეთაურები თურქეთის ტერიტორიაზე უნდა დარჩნენ.

მეთაურებთან ერთად თავისუფალია "აზოვის" პოლკის კიდევ 108 მებრძოლი. ჯამში ოკუპანტებმა უკრაინას 215 ტყვე გადასცეს, რუსულ ციხეში მათ თითქმის 4 თვე გაატარეს.

სანაცვლოდ რუსულ მხარეს გადაეცა ვიქტორ მედვედჩუკი. ვლადიმერ პუტინის სულიერი ნათესავი, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას სამართალდამცველები სამშობლოს ღალატში სდებდნენ ბრალს. უკრაინაში შეჭრიდან მალევე, მას მოსკოვში გაქცევის მცდელობაც ჰქონდა, რაც წარუმატებლად დასრულდა.

თავისუფალია, ასევე ცნობილი სამხედრო ექიმი ეკატერინა პოლისჩუკი, ზედმეტსახელად "პტაშკა". ის თუ რა პირობებში იმყოფებოდნენ რუსეთში უკრაინელი სამხედროები ჯერჯერობით უცნობია. დასკვნის გამოტანა ტყვეობამდე და გათავისუფლების შემდეგ გადაღებული ფოტოების შედარებით არის შესაძლებელი.

ტყვეთა გაცვლის მიუხედავად ოფიციალური კიევი რუსეთს 50-ზე მეტი "აზოველის" მკვლელობაში ადანაშაულებს. საუბარია, ელენოვკას ციხეში მომხდარ აფეთქებაზე, რა დროსაც განადგურდა მხოლოდ ის ფლიგელი, სადაც "აზოვის" მებრძოლები იმყოფებოდნენ.

მარიუპოლის ბოლო ბასტიონს -"აზოვსტალის" ქარხანას მებრძოლები თითქმის 100 დღის განმავლობაში იცავდნენ. მარიუპოლის ფოლადის ქარხნიდან უკრაინელი ჯარისკაცების გაყვანა 16 მაისს დაიწყო. თავდაპირველად "აზოვსტალი" დაჭრილებმა დატოვეს, ბოლოს კი სამხედრო მეთაურებმა. ჯამში საუბარია 2500-მდე ადამიანზე.

ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ დარჩენილი ტყვეების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მანამდე კი ღამის განმავლობაში რუსეთმა საუდის არაბეთის შუამავლობით უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოეთის 10 მოქალაქე გაათავისუფლა. საუბარია შეერთებული შტატების, მაროკოს, შვედეთის, ხორვატიის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებზე. მათ გათავისუფლებაში საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბენ სალმანი მონაწილეობდა, რომელიც ტყვეებს აეროპორტში დახვდა.

დღის ამბები