27 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
2008 წელს შემუშავებული პროექტი იყო მრავალმხრივ ხარვეზიანი, არცერთ კრამიტს ექსპერტიზა არ ჰქონია ჩატარებული - თეა წულუკიანი გელათის რესტავრაციაზე

კულტურისა და სპორტის მინისტრს პარლამენტში უსმენენ. ამ წუთებში კანონმდებლები კითხვებს სვამენ. საკადრო ცვლილებები, სახელფასო პოლიტიკა, სახელოვნებო განათლების რეფორმა, გელათის საკითხი და სხვადასხვა პროექტი, - ეს არის იმ საკითხების ნაწილი, რომლითაც დღეს დეპუტატები თეა წულუკიანთან შეხვედრაზე დაინტერესდნენ.

შეკითხვებამდე თეა წულუკიანი მოხსენებით გამოვიდა.

მინისტრი რამდენიმე მიმართულებას შეეხო. თქვა, რომ 2025 წლისთვის საქართველოს სპორტის ახალი უნივერსიტეტი ექნება. ასევე თბილისში, კერძოდ დიღომში, ყინულის მოედანი აშენდება. განმარტა ისიც, თუ რა თანხა დაიხარჯა ევრო ბასკეტზე. მინისტრის თქმით, სახელმწიფომ საორგანიზაციოდ 7 მილიონი ლარი გამოყო, ისაუბრა ფედერაციებზეც.

მინისტრი გელათის რესტავრაციისას წარმოქმნილ პრობლემებსაც შეეხო და განაცხადა, რომ გასულ წლებში გელათის ტაძარი კრამიტით გადახურეს, რომელიც ტყდებოდა და წყალს ატარებდა.

"მინისტრი ვერ გამოიცნობს, რა არის კრამიტის ქვეშ თუ დოკუმენტები არ არსებობს. დოკუმენტები არ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიგებდით პროექტის შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა, თუ მოხდა რაიმე პროექტს მიღმა, მაგრამ ვხედავდით იმას, რომ 2008 წელს შემუშავებული პროექტი იყო მრავალმხრივ ხარვეზიანი.

არცერთ კრამიტს ექსპერტიზა არ ჰქონია ჩატარებული არც წყლის შეღწევადობაზე, არც სიმტკიცეზე და არც იმ პარამეტრებზე, რაც კრამიტს სჭირდება მანამ, სანამ ძეგლს დაახურავ. ეს არის ის რეალობა, რომელზეც, რა საკვირველია მე არ ვაპირებ პასუხი ვაგო. მზად ვარ, ვაგო პასუხი ყველა იმ გადაწყვეტილებაზე და ნაბიჯზე, რომელიც ჩემი მინისტრობის პერიოდში გელათის სამონასტრო კომპლექსში განხორციელდა, ხორციელდება და განხორციელდება.

როდესაც იდენტიფიცირებული იყო პრობლემა, რომ კრამიტი არ არის სტანდარტების შესაბამისი, მივიღეთ  უგო ტონიეტისგან რეკომენდაცია, დასავლეთ მკლავზე, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო და ვამბობ "იყო", ეს ეკუთვნის წარსულს, დღეს არის არასახარბიელო, მაგრამ მძიმე მდგომარეობა აღარ არის, ამას ვახსენებ სრული პასუხისმგებლობით.

თქვენ წარმოიდგინეთ, ხარაჩოზე დადიოდნენ ისე, რომ არ იყო დაკეტილი და იმ ძველ ხარაჩოდან არსებობდა ჩამოვარდნის სერიოზული რისკი. მე თვითონ გახლდით ზედ და ალბათ ამაში მაინც დამერწმუნებით, რომ არ მაქვს ის წონა, რომელიც საშიშია ცუდი ხარაჩოსათვის, მაგრამ ეს იყო ძალიან რისკიანი ნაბიჯი ჩემი მხრიდან,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრმა თეატრის თანამშრომლებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების აუცილებლობაზეც ისაუბრა:

"ჩვენ გვაქვს შემთხვევები, რომ ერთი და იგივე პირი, ერთი და იმავე თეატრში ორ ან სამ თანამდებობაზე მუშაობს. ეს არის გასაჭირისგან და არა იმიტომ, რომ ერთ ადამიანს ეხალისება რამდენიმე თეატრში მუშაობა ან ერთი და იმავე თეატრში სხვადასხვა ფუნქციის კეთება. შეთავაზება იქნებოდა ასეთი, თუ ამას გაიზიარებენ ჩვენი მსახიობები, დავადგინოთ, რომ მსახიობი თუ ის არის შტატიანი თანამშრომელი, თუ ის არის შტატგარეშე და თან მიწვეულია, რასაკვირველია, ითამაშებს იმდენ თეატრში, რამდენშიც უნდა და ამას ვერავინ ვერ და არ გააკონტოლებს, პრინციპში, საჯარო მოხელესთან მიახლოებული პირი გამოდის, მაშინ მას ჰქონდეს მხოლოდ ერთ თეატრში მუშაობის უფლება იმ დათქმით, რომ ყველა ის ხელფასი, რასაც დღეს იღებს, ვთქვათ, სამ თეატრში მუშაობისას, ჰქონდეს იმ ერთ შტატზე, გაერთიანებულად," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები