27 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
"ბედნიერი ვარ, რომ არც ერთ ეტაპზე ჩემს პოლიტიკური თუ მოქალაქეობრივი აქტიურობის, არ მქონია არანაირი შეხება ბატონ კეზერაშვილთან" - დავით უსუფაშვილი  

ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან დავით კეზერაშვილის მისამართით გააკეთა, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს კოლეგები აკრიტიკებენ, მათ შორის არიან პარტიის წევრებიც. მათი თქმით, ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის სხვა საკითხებზე ხარჯვა სწორი არ არის.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ დავით კეზერაშვილი პოლიტიკაში ჩართული არ არის.

"მე არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი პოლიტიკაში ჩართულია რაიმე ფორმით. ამიტომ, ჩემი კომენტარი ამ შემთხვევაში მოკრძალებული იქნება. მე არ მაქვს იმის არგუმენტები და საფუძვლები, რომ კეზერაშვილი რაიმე ფორმით ჩართულია ქართულ პოლიტიკაში," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

განსხვავებულად ფიქრობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ დავით კეზერაშვილი შესაძლოა აფინანსებდეს გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებს. 

"ფაქტია, რომ მას აქვს მედია, ის აფინანსებს მედიას და შესაძლოა აფინანსებდეს გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებს. არ ვიცი, ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის იყო, არის და მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევ პერსონაჟად ბატონი კეზერაშვილი. ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით ცხოვრობს," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

დავით კეზერაშვილის შესახებ განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. 

"ბედნიერი ვარ, რომ არც ერთ ეტაპზე ჩემს პოლიტიკური თუ მოქალაქეობრივი აქტიურობის, არ მქონია არანაირი შეხება ბატონ კეზერაშვილთან. არც ვაპირებ და თუ ვინმემ დააპირა და მერე იმედგაცრუებულია, ეს საკუთარ თავს დააბრალოს," - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ თქვა, რომ "რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში." 

დღის ამბები