27 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
როგორც კი საზოგადოება საბოლოოდ ჩამოყალიბდება და ხალხი გადაწყვეტს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ შესაცვლელია, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა გარდაუვალია - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, როგორც კი საზოგადოება საბოლოოდ ჩამოყალიბდება და ხალხი გადაწყვეტს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ შესაცვლელია, დამერწმუნეთ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა [გარდაუვალია].

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის პროევროპელი. 

"ჩემი აზრით, შეცდომაა ვადამდელი არჩევნების ასე დაყენება, რომელსაც არ მოჰყვება ქმედებები. ფალსტარტები ეს არის ის რითაც სარგებლობს "ქართული ოცნება" და შემდეგ სულ ამას კივის და ყვირის. ჩვენი სტრატეგია არის და რაც ჩვენ შემუშავებული გვაქვს არის რომ ჯერ მოვიცადოთ და მოვძლიერდეთ და როცა ყველა პროევროპელი დავდგებით ერთად პრორუსების წინააღმდეგ, დამერწმუნეთ ხელისუფლების ცვლილება მყისიერად, წამიერად მოხდება.

მე ერთ რამეს ვხედავ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის პროევროპელი და ჩვენ ყველა, პროევროპელები ვერ შევეგუებით დიდხანს, რომ პრორუსები მართავდნენ ამ ხელისუფლებას. შესაბამისად, ცვლილების მომენტი როდის დადგება, ეს არის ჩვენზე დამოკიდებული, დღე და ღამე უნდა ვიშრომოთ ამისთვის. ჩვენი სამშობლო უნდა დავიბრუნოთ პროევროპელებმა, უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი და დავიწყოთ განვითარება ამ ქვეყნის," - განაცხადა ვაშაძემ "ღამის კურიერში".

ამასთან, ვაშაძემ კიდევ ერთხელ განმარტა თუ რა მიზეზით არ მუშაობს ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში.

"თაღლითებთან, ფარისევლებთან, გადამგდებებთან უბრალოდ ყავის სასმელად ჯდომას არ ვაპირებთ. უბრალოდ საქმე თუ უნდათ, ამას არაფერი სამუშაო ჯგუფი არ სჭირდება. მათ ადგილზე რომ ვიყო რას ვიზამდი - დავარეგისტრირებდი კანონებს პარლამენტში, რომელიც იქნებოდა მოწონებული ევროპული მხრიდან, ოპოზიციას ვეტყოდი, აბა მოდით და მიეცით ხმა, მაგრამ არ აკეთებს," - განაცხადა ვაშაძემ. 

დღის ამბები