27 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ოპოზიციის შეთავაზება "ქართულ ოცნებას" - ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს შარლ მიშელის დოკუმენტში დაბრუნებას სთავაზობენ

ოპოზიციის ნაწილმა არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებული ხედვები, ევროკომისიის რეკომენდაციების მიღებიდან 3 თვის შემდეგ გაასაჯაროვა. 19 აპრილის შეთანხმებაში დაბრუნება დეპოლარიზაციის წინაპირობად განსაზღვრა. პრიორიტეტულ საკითხებს შორის კი საკონსტიტუციო და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაცია დაასახელა. "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო" და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი - ამ შემადგენლობით ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელმაც ხელისუფლებას ბაზისური მიდგომები შესთავაზა.

წარდგენილ დოკუმენტზე მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციაა, რომ გარკვეულ საკითხებზე შესაძლოა პოზიციები დაახლოვდეს, თუმცა არსებობს საკითხები, რაზეც სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილება არ შეიცვლება. მაგალითად 19 აპრილის შეთანხმებაში დაბრუნება "ქართული ოცნებისთვის" არარეალისტურია.

კოლეგების მიერ მომზადებულ პროექტებს სიღრმისეულად არ იცნობენ სხვა ოპოზიციური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის პრიორიტეტი რეკომენდაციებზე ერთობლივი მუშაობა უნდა ყოფილიყო.

ოპოზიციის ალტერნატიულ პროექტებზე მუშაობას მმართველი გუნდი შეცდომას უწოდებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პოლიტიკურად არასწორი არჩევანი იყო ისიც, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე ამ ოპოზიციურმა პარტიებმა თავიდანვე უარის თქვეს.

სახელისუფლებო გუნდმა 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად კანონპროექტების ნაწილი პარლამენტში უკვე დააინიცირა, ინიცირებულია ოპოზიციის რამდენიმე პროექტიც. ცვლილებებზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში გაგრძელდება.

დღის ამბები