27 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ემიგრაციაში მყოფი ოჯახი, ნასამართლეობა თურქეთში - ვინ არის გრიგოლ ნარსია და რას ამბობენ "კურიერთან" ტერორიზმში ბრალდებულის მეზობლები

ასაკი 37 წლის გრიგოლ ნარსია, პროფესია უცნობია. 2012 წლამდე მუშაობდა დაცვის პოლიციაში. დედა - ემიგრაციაში საბერძნეთში. ყოფილი ცოლი და ორი შვილი, ასევე ემიგრაციაში თურქეთში. თურქეთშივეა ნასამართლევი ორჯერ. დაიბადა და ცხოვრობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში - ეს არის გრიგოლ იგივე გიგა ნარსიას მოკლე ბიოგრაფია, რომელსაც გუშინ ქუთაისში 14 მოქალაქე მძევლად ჰყავდა აყვანილი. 

გრიგოლ ნარსია ამ დრომდე ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და მას 5 ადვოკატი იცავს. მომხდარის შესახებ ბრალდებულის ვერსია საზოგადოებას ინტერესების დამცველებმა მისი მონახულების შემდეგ გააცნეს. თქვეს, რომ ტერორიზმში ბრალდებულმა ბანკის შენობა იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობებით დანაღმა, რომელიც თავად დაამზადა. დაცვის მხარე იმასაც ამტკიცებს, რომ ნარსიას გეგმებში თავდაპირველად მძევლების აყვანა არ შედიოდა, მაგრამ პოლიციის მისვლათ სცენარი შეიცვალა.

დაცვის მხარის ინფორმაციით, დაკავებულს აყვანის დროს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა მას სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

ნარსიას თანასოფლელები "კურიერს" იმასაც უყვებიან, რომ ტერორიზმში ბრალდებული პირი 2012 წლამდე დაცვის პოლიციაში მუშაობდა. სოფელში იშვიათად ხედავენ, ვინაიდან პერიოდულად დადიოდა თურქეთში ან საბერძნეთში. იხსენებენ, რომ ბანკზე თავდამსხმელი ბოლოს სოფელში 4 დღის წინ ნახეს.

"კურიერის" კამერამ ბანკის შენობის შიდა პერიმეტრი ექსკლუზიურად, სპეცოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გადაიღო. კადრებში ჩანს ხელყუმბარა და იატაკზე დაყრილი ფულის კუპიურები. გამოძიების დეტალებზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ "რუსთავი 2"-ის ეთერში ვრცლად ისაუბრა.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, დაკავების დროს მძარცველმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, მას ხელზე ყუმბარა ჰქონდა მიმაგრებული. სამინისტროს მაღალჩინოსნის თქმით, თავდამსხმელისთვის სამართალდამცავებს არავითარი თანხა არ გადაუციათ და იატაკზე დაყრილი ფულის კუპიურები ბანკის სალაროდან იყო.

ბანკზე თავდასხმის ფაქტს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც გამოეხმაურა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გრიგოლ ლილუაშვილმა სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

შეიარაღებული თავდამსხმელი "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში გუშინ, დაახლოებით 12 საათისთვის შეიჭრა. მან რამდენიმე წუთში მოთხოვნებიც დაასახელა - 2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, ანკესი და რუსეთის დროშა. მძევლად 14 პირი აიყვანა, ისინი 9-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ სამართალდამცველებმა ეტაპობრივად გაათავისუფლეს, ტერორიზმში ბრალდებული კი ადგილზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები